აშშ-ტაივანი

აშშ-მ და ტაივანმა სავაჭრო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

Reuters

ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ტაივანმა სავაჭრო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, აშშ-ტაივანის 21-ე საუკუნის სავაჭრო ინიციატივა საბაჟო, ინვესტიციების და სხვა რეგულაციების გაუმჯობესებით კომერციულ ურთიერთობებს გააძლიერებს.

გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს იმ არაოფიციალური დაწესებულებების თანამშრომლებმა, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის არსებულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ. ისინი ოფიციალური დიპლომატიური კავშირების არარსებობის მიუხედავად წლიურად მილიარდობით დოლარით ვაჭრობენ.

ვაჭრობის საკითხებში აშშ-ს წარმომადგენლის ოფისის ინფორმაციით, შეთანხმება "ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის" შედგა. დოკუმენტისთვის ხელმოწერის ცერემონიას წარმომადგენლის მოადგილე, სარა ბიანკიც ესწრებოდა.

ჩინეთმა ვაშინგტონი ტაივანის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და შტატებს კუნძულის არჩეულ მთავრობასთან ოფიციალური კონტაქტის გაწყვეტა მოსთხოვა.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

"ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები