იაპონია

იაპონიაში სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო

იაპონიის სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა არაკონსტიტუციურია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ოთხი მსგავსი საქმე განიხილეს, მათგან ორზე სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო. 

"ამ გადაწყვეტილებამ გამოასწორა ზიანი მთავრობის განცხადებებისა და იმ შარშანდელი განჩინებისა, რომლის თანახმადაც, [ერთნაირსქესიანთა ქორწინების] აკრძალვაში ცუდი არაფერია", - აღნიშნა იურისტმა, იოკო მიზუშიმამ სასამართლოს წინ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მანამდე, ტოკიოს სასამართლომ მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას, მაგრამ განაცხადა, რომ ერთნაირსქესიანი ოჯახების სამართლებრივი დაცვის ნაკლებობა მათ უფლებებს არღვევს.

მიუხედავად იმისა, გამოკითხვების თანახმად, საზოგადოების დაახლოებით 70% მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას კონსერვატიული მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტია აკრძალვის მოხსნას ეწინააღმდეგება.

იაპონიის 300-ზე მეტი მუნიციპალიტეტი, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 65%-ს ფარავს, საშუალებას აძლევს ერთნაირსქესიან წყვილებს დადონ პარტნიორობის ხელშეკრულება, თუმცა ამ უკანასკნელით განსაზღვრული უფლებები შეზღუდულია. პარტნიორებს არ შეუძლიათ მემკვიდრეობით მიიღონ ერთმანეთის ქონება ან ჰქონდეთ მშობლის უფლებები ერთმანეთის შვილებზე. საავადმყოფოში ვიზიტიც კი არ არის გარანტირებული.

ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პარტნიორობის მსგავსი შეთანხმებები არასაკმარისია.

კომენტარები