კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერის, მიხეილ შამანოვის თქმით, ბოლო 24 საათში ოკუპანტები კიევს 3-ჯერ დაესხნენ თავს. თავდასხმა ე.წ. კამიკაძე დრონებით განხორციელდა. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, უკრაინელეებმა ყველა სამიზნე მოიგერიეს - ჩამოაგდეს 20-ზე მეტი დრონი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერი კიევს 3-ჯერ დაესხა თავს. ფაქტობრივად, კიეველი ხალხის შეჩერების მიზნით, ისინი ცდილობენ დაატერორონ და გაანადგურონ ყველაფერი უკრაინული. თავდასხმა მასიური იყო. სხვადასხვა მიმართულებით და რამდენიმე ტალღით" - თქვა შამანოვმა.
მისივე თქმით, კიევში კვლავ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ისინი ნანგერევში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.
"გოლოსიივსკის რაიონში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ბოლო 2 სართულზე ხანძარი გაჩნდა. 20-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება დაგვჭირდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი დაშავდა. [...] მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, ვინაიდან არსებობს შესაძლებლობა, რომ ნანგრევებს შორის ადამიანები იყვნენ მოყოლილი" - თქვა შამანოვმა.
პარალელურად, მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ადასტურებს.
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ოლქის სხვა რეგიონებშიც გააქტიურდა.
აქამდე ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია მოსკოვში ორი შენობის დაზიანებასა და ცაში შემჩნეულ დრონებზე. ასევე გავრცელდა კადრები, რომლებშიც მოსკოვში ჩამოგდებული დრონის ნაწილები ჩანდა.





