ამერიკის შეერთებული შტატები

ბაიდენმა და მაკკართიმ აშშ-ის სესხის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკართი

თეთრ სახლსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის სესხის ლიმიტის 2 წლით გაზრდასა და ხარჯების შეზღუდვასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკკართიმ დაადასტურა.

მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მაკკართიმ სატელეფონო საუბრით მიაღწიეს. შემდეგი ნაბიჯი სენატსა და კონგრესში შეთანხმების დამტკიცებაა იმ პირობებში, რომ სენატს დემოკრატები, კონგრესს კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ. შეთანხმების დამტკიცების მიღწევა აუცილებელია 5 ივნისამდე, ვინაიდან აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის თქმით, 5 ივნისიდან აშშ გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებს.

"რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ პრინციპულ შეთანხმებამდე მივედით. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არის პრინციპული შეთანხმება, რომელიც ამერიკელი ხალხისთვის ღირსეულია." - თქვა მაკკართიმ ჟურნალისტებთან მოკლე საუბრისას.

ბაიდენის თქმით, შეთანხმების შედეგად ორივე მხარე კომპრომისზე წავიდა, რაც მმართველთა პასუხისმგებლობაა.

"შეთანხმება იცავს ჩემი და კონგრესის დემოკრატების მთავარ პრიორიტეტებსა და საკანონმდებლო მიღწევებს. შეთანხმება წარმოადგენს კომპრომისს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა არ იღებს იმას, რაც სურს. ეს არის მმართველობის პასუხისმგებლობა." - თქვა ბაიდენმა.


აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი არ გაზრდიდა ან არ შეაჩერებდა აშშ-ის მთავრობის სესხის ლიმიტს, აშშ-ის მთავრობას 1-ლი ივნისისთვის ფულის ამოწურვა და დეფოლტი ემუქრებოდა. 

"ბოლოდროინდელი ფედერალური საგადასახადო ქვითრების განხილვის შემდეგ, ჩვენი შეფასებით, ჩვენ ვერ შევძლებთ მთავრობის ყველა ვალდებულების შესრულებას ივნისის დასაწყისში, თუ კონგრესი მანამდე არ გაზრდის ან არ შეაჩერებს მთავრობის სესხის ლიმიტს." - წერდა იელენი.

სესხის ლიმიტის მიღწევა ნიშნავს, რომ მთავრობა ვეღარ შეძლებს მეტი ფულის სესხებას. დეფოლტი კი აღებული ვალების [დროებით] ვერ ან არ დაბრუნებას ნიშნავს. ამჟამად აშშ-ის სესხის ზღვარი 31,4 ტრილიონი დოლარია.

"ჩვენ ვისწავლეთ წარსულის მაგალითზე, რომ ვალის ლიმიტის შეჩერების ან გაზრდის ბოლო წუთამდე ლოდინმა, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ბიზნესს და მომხმარებელთა ნდობას. ეს გაზრდის მოკლევადიანი სესხის ხარჯებს და უარყოფითად იმოქმედებს შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგზე." - წერდა იელენი.

სესხის ლიმიტის გაზრდის სანაცვლოდ, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ხარჯების მკვეთრ შემცირებას ითხოვდნენ.

კომენტარები