ამერიკის შეერთებული შტატები

თეთრი სახლი და რესპუბლიკელები სესხის ლიმიტთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკართი

19 მაისს თეთრ სახლსა და კონგრესის რესპუბლიკელებს შორის შეხვედრა აშშ-ის სესხის ლიმიტთან დაკავშირებით ჩაიშალა ისე, რომ არანაირი პროგრესი არ მიღწეულა. 

აღსანიშნია, რომ 1-ელ  ივნისამდე 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯანეტ იელენმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი არ გაზრდის ან არ შეაჩერებს აშშ-ის მთავრობის სესხის ლიმიტს, აშშ-ის მთავრობას 1-ლი ივნისისთვის ფულის ამოწურვა და დეფოლტი ემუქრება. 

სესხის ლიმიტის მიღწევა ნიშნავს, რომ მთავრობა ვეღარ შეძლებს მეტი ფულის სესხებას. დეფოლტი კი აღებული ვალების [დროებით] ვერ ან არ დაბრუნებას ნიშნავს. ამჟამად აშშ-ის სესხის ზღვარი 31,4 ტრილიონი დოლარია.

შშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მას მაინც სჯერა, რომ დეფოლტის თავიდან აცილება შესაძლებელია.

"მე მაინც მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ დეფოლტი და მივაღწევთ რაიმე ღირებულს" - უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს ჰიროშიმაში, სადაც ის დიდი შვიდეულის სამიტს ესწრება.

სესხის ლიმიტის გაზრდის სანაცვლოდ, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ხარჯების მკვეთრ შემცირებას ითხოვენ. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა მიიღეს კანონპროექტი, რომელიც გაზრდის ვალის ზღვარს და გადადებს დეფოლტის რისკს მინიმუმ მომავალ წლამდე. ამასთან, კანონპროექტით რესპუბლიკელები სტუდენტური სესხების ჩამოწერის პროგრამისა და მწვანე ენერგიისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვას ითხოვენ. 

"ჩვენ უნდა დავხარჯოთ ნაკლები ვიდრე წინა წელს" - თქვა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკკართიმ.

მოლაპარაკებებში რესპუბლიკელების წარმომადგენელმა თქვა, რომ ბოლო მოლაპარაკებებზე პროგრესი არ ყოფილა.

"ჩვენ გვქონდა ძალიან, ძალიან გულწრფელი დისკუსია იმის შესახებ, თუ სად ვართ, ვისაუბრეთ იმაზე, თუ სად უნდა ვიყოთ" - თქვა რესპუბლიკელების წარმომადგენელმა,  გარეთ გრეივზმა.

"ბოლოდროინდელი ფედერალური საგადასახადო ქვითრების განხილვის შემდეგ, ჩვენი შეფასებით, ჩვენ ვერ შევძლებთ მთავრობის ყველა ვალდებულების შესრულებას ივნისის დასაწყისში, თუ კონგრესი მანამდე არ გაზრდის ან არ შეაჩერებს მთავრობის სესხის ლიმიტს." - წერს იელენი.

კომენტარები