ამერიკის შეერთებული შტატები

ბაიდენი აშშ-ის შესაძლო დეფოლტთან დაკავშირებით რესპუბლიკელ მაკკართის შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკართი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, კევინ მაკკართის იერუსალიმში, დიპლომატიურ მოგზაურობაში დაურეკა და 9 მაისს თეთრ სახლში შეხვედრაზე მიიწვია. შეხვედრა აშშ-ის ხაზინის არსებული კრიზისისა და შესაძლო დეფოლტის გამო ჩაინიშნა, რაც აშშ-ს იმ შემთხვევაში ემუქრება, თუ კონგრესი მთავრობის სესხის ლიმიტს არ გაზრდის ან არ შეაჩერებს.

ბაიდენმა შეხვედრაზე წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი ლიდერი, ჰაკიმ ჯეფრისი, სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი და რესპუბლიკელი ლიდერი, მიჩ მაკკონელიც მიიწვია. 

ამასთან, ბაიდენმა მტკიცედ თქვა, რომ მოლაპარაკებებს სახელმწიფო სესხის ჭერის გაზრდაზე არ აპირებს, მაგრამ განიხილავს ბიუჯეტის შემცირებას ახალი ლიმიტის მიღების შემდეგ. 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ კონგრესმა უნდა მიიღოს ზომები, რათა თავიდან აიცილოს დეფოლტი. მანამდე, ჯო ბაიდენი ამბობდა, რომ მაკკართის სესხის ლიმიტის განსახილველად საერთოდ არ შეხვდებოდა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი არ გაზრდის ან არ შეაჩერებს აშშ-ის მთავრობის სესხის ლიმიტს, აშშ-ის მთავრობას 1-ლი ივნისისთვის ფულის ამოწურვა და დეფოლტი ემუქრება. 

"ბოლოდროინდელი ფედერალური საგადასახადო ქვითრების განხილვის შემდეგ, ჩვენი შეფასებით, ჩვენ ვერ შევძლებთ მთავრობის ყველა ვალდებულების შესრულებას ივნისის დასაწყისში, თუ კონგრესი მანამდე არ გაზრდის ან არ შეაჩერებს მთავრობის სესხის ლიმიტს." - წერს იელენი.

სესხის ლიმიტის მიღწევა ნიშნავს, რომ მთავრობა ვეღარ შეძლებს მეტი ფულის სესხებას. დეფოლტი კი აღებული ვალების [დროებით] ვერ ან არ დაბრუნებას ნიშნავს. ამჟამად აშშ-ის სესხის ზღვარი 31,4 ტრილიონი დოლარია.

კომენტარები