2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

დესანტისის პრეზიდენტობის კანდიდატურის Twitter-ზე წარდგენა ტექნიკური ხარვეზებით წარიმართა

ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა პრეზიდენტობის კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, დაპირებისამებრ, Twitter-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ილონ მასკთან ერთად  აუდიო ჩეთის პლატფორმა Twitter Spaces-ზე საჯარო წარდგენა გამართა.  თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია შეფერხებით მიმდინარეობდა. წარდგენას ტექნიკურმა მეწარმემ და მასკის უახლოესმა პირმა, დევიდ საქსმა უხელმძღვანელა.

წარდგენის დაწყებიდან მალევე საქსმა აღნიშნა, რომ მაყურებელთა სიმრავლის გამო სერვერებს პრობლემები შეექმნა.

ღონისძიებას 500 000-ზე მეტი Twitter-ის მომხმარებელი ესწრებოდა. ხარვეზების გამო პირდაპირი ეთერი გათიშეს. დესანტისის გამოსვლა თითქმის ნახევარი საათით გადაიდო. ღონისძიების განახლების შემდეგ დასწრების მსურველთა რაოდენობა თითქმის განახევრდა. 
 
მას შემდეგ, რაც მასკმა Twitter-ი გადაიბარა, პლატფორმა არაერთ ტექნიკურ პრობლემას აწყდება. ხარჯების შემცირების მიზნით, ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა თანამშრომლების დიდი ნაწილი გაათავისუფლა. მომხმარებლები ხშირად უჩივიან სოციალურ მედიაზე წვდომასთან დაკავშირებით პრობლემებს. 

მასკმა და საქსმა აღიარეს, რომ დესანტისის პრეზიდენტობის კანდიდატურის წარდგენის ღონისძიების მიმდინარეობისას შეფერხება Twitter-ის სერვერების შეზღუდულმა ტევადობამ გამოიწვია. 

"მგონი, ინტერნეტი დააზიანე. როცა "ბაგები" ჩნდება და გადატვირთვის პრობლემებია, ნიშანია, რომ ახალ მწვერვალებს აღწევ". - უთხრა ეთერის ხელახალი გაშვების შემდეგ საქსმა დესანტისს და შეფერხების გადაფარვა ხუმრობით სცადა. 


ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა პრეზიდენტობის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

დესანტისმა საარჩევნო კომისიას საჭირო დოკუმენტაცია Twitter-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ილონ მასკთან ერთად დაგეგმილ საჯარო გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გადასცა. 

ჯერ კიდევ ნოემბერში მასკი ამბობდა, რომ თუ ფლორიდის გუბერნატორი 2024 წლის არჩევნებში კენჭს იყრის, იგი რონ დესანტისის დაუჭერს მხარს. რამაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ამომრჩეველში დესანტისის რეიტინგი.

დესანტისი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილება. 

გასათვალისწინებელია, რომ შუალედურ არჩევნებში ტრამპის კანდიდატთა დიდმა ნაწილმა, რომლებიც 2020 წლის არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდნენ, მარცხი განიცადა. რაც, ექსპერტთა შეფასებით, მანიშნებელია იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტი პარტიაში გავლენას კარგავს.

ამის პარალელურად კი ფლორიდის გუბერნატორმა და 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კონკურენტმა, თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა. 

კომენტარები