რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bloomberg: ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებლად იაპონიაში გაემგზავრება

Yves Herman/Pool via AP

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებლად გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ზელენსკი, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში არაბული ლიგის სამიტსაც დაესწრება და ამის შემდეგ, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით იაპონიაში გაემგზავრება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარზე უარი თქვა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა. 

მანამდე, იაპონელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ ზელენსკი შეხვედრაზე ვირტუალურად ჩაერთვებოდა. ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა კი, იაპონურ მედიასთან თქვა, რომ ზელენსკის დასწრება გამორიცხული არ იყო და მეტწილად ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციებზე იქნებოდა დამოკიდებული.

სამიტის მნიშვნელოვანი თემა უკრაინის ომია. G7-ის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებას გეგმავენ. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის მე-11 პაკეტის მსგავსად, საერთაშორისო სანქციები ევროპის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხებათ, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან.

სამიტის დაწყების წინ, დიდი შვიდეულის წევრმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა რუსული ალმასის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტს აკრძალავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი Twitter-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც აღნიშნავს, რომ რუსული ალმასით ვაჭრობას ევროკავშირიც შეზღუდავს.

დიდი შვიდეულის სამიტი 19-დან 21 მაისამდე გაგრძელდება და იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში გაიმართება. 

კომენტარები