რუსუდან ბერიძე

ქართველი მათემატიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე, რუსუდან ბერიძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსუდან ბერიძე

83 წლის ასაკში ქართველი მათემატიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე, რუსუდან ბერიძე გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

რუსუდან ბერიძე იყო მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პედაგოგი და პოლიტიკური მოღვაწე. მის შემოქმედებას ეკუთვნის 20 სამეცნიერო ნაშრომი. 

ამასთან, რუსუდან ბერიძე საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მეუღლეა.

1965 წლიდან რუსუდან ბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ლექტორი იყო. 1992-1995 წლებში ის პარტიული სიით საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტში შევიდა, საარჩევნო ბლოკით - "მშვიდობა".

1997-2005 წლებში რუსუდან ბერიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა ეკავა. იგი არის ღირსების ორდენისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მფლობელი.

კომენტარები