იუსტიციის უმაღლესი საბჭო

გვარამია ოპოზიციის დეპუტატებზე: სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი

მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პარლამენტში 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის ხმის მიცემას გამოეხმაურა. 

"რაც პარლამენტში მოხდა, ზუსტად იმ მორალური კომპრომისების კლიმატის შედეგი და გაგრძელებაა, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, პროდასავლურ ფლანგზე სულ უფრო ხშირად შეიმჩნევა. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს ქმედება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი. (ვინც არ იცის, რომ კორუფცია მარტო ქრთამის აღება არ არის, გაერკვეს).

ზუსტად ასევეა პოლიტიკური კორუფცია ე.წ. "ოცნებასთან დალაგების" თუ "ცალკეული საკითხების მოგვარების" პოლიტიკა, რაც არ უნდა იყოს ეს საკითხები და რაც არ უნდა იყოს სანაცვლოდ დათმობები.

"დამლაგებლების" და "მომგვარებლების" საშუალო ამოცანა არასდროსაა დემოკრატია, დასავლეთი და ხალხის ინტერესი. ისინი ხელს უწყობენ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, უბრალოდ, იბრძვიან ამ სტატუს-კვოში საკუთარი ადგილის, გავლენისა და უსაფრთხოების მოპოვებისა და დამკვიდრებისთვის.

"დამლაგებლების" და "მომგვარებლების" მეშვეობით დემოკრატიული პროცესები არ წარიმართება, დემოკრატიული აქტორები არ მოქმედებენ. მათი მეშვეობით ინტერესთა ჯგუფები ოპერირებენ და არა პარტიები. და იმაზე მარტივი ივანიშვილისთვის არაფერია, ვიდრე ინტერესთა ჯგუფებთან დალაგება და პრობლემის განეიტრალებაა. თვითონაც მოიგებს, ინტერესთა ჯგუფიც, ჩვენ პროდასავლელი ქართველები დავრჩებით ხახამშრალი". – წერს გვარამია. 

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

რუსთავი 2-ის ცნობით, მათ გაარკვიეს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ვინაობა, ვინც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები არიან ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ანა წითლიძის თქმით, ნიკა მაჭუტაძემ მას დაუდასტურა, რომ ხმა მისცა.

კომენტარები