აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) ტელეგრამის არხი შექმნა და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს.
CIA-ის მიერ Telegram-ის არხზე გამოქვეყნებული ვიდეო მთავრდება ინსტრუქციით, სადაც ახსნილია, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ მოქალაქეები CIA-ს ანონიმურად და უსაფრთხოდ.
აღსანიშნია, რომ სოციალური მედია Telegram რუსეთში განსაკუთრებით აქტუალურია. რუსული მედიის ინფორმაციით, 16 მაისს, CIA-ს Telegram-ის არხი თითქმის 700-მა ადამიანმა გამოიწერა.
CIA-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს უთხრეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ შექმნა ისტორიული შესაძლებლობა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა აშშ-ის დასავლეთისთვის საჭირო ინფორმაცია გაუზიარონ.
CIA-ის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ისინი ცდილობენ რუსეთში ინფორმაციულად მნიშვნელოვან უწყებებში მომუშავე პირებზე გავიდნენ და აგრძნობინონ, რომ აშშ-ს ესმის რუსეთის მოქალაქეების.
"ჩვენ გვესმის თქვენი, შესაძლოა იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. [...] ჩვენ გვსურდა რუსებისთვის სათქმელი მიგვეტანა მათ ენაზე, ჩვენ ვიცით, რას განიცდიან ისინი“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც CNN-თან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
CIA მიიჩნევს, რომ უკრაინის ომმა რუს ბიზნესმენებთან, დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობისთვის კარგი ნიადაგი შექმნა, ვინაიდან მათი უმრავლესობა კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკით უკმაყოფილოა და ბევრი მათგანი სანქციებითაც დაზარალდა.