აშშ-რუსეთი

CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია პატიმრების პოტენციური გაცვლისთვის მნიშვნელოვან რუსებზე ნადირობს

ევან გერშკოვიჩი და პოლ უელანი
AP. Getty Images

CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მოკავშირეების დახმარებით ცდილობს რუსეთის დარწმუნებას, რათა უკანონოდ დაკავებული ამერიკელი მოქალაქეები - პოლ უელანი და ევან გერშკოვიჩი გაათავისუფლოს.  

აშშ-ს თანამდებობის პირების თქმით, ქვეყანას ამჟამად არ ჰყავს მაღალი დონის რუსი ჯაშუშები, რის გამოც აშშ რუსეთის დარწმუნებისთვის დასახმარებლად მოკავშირეებს მიმართავს. 

კერძოდ, აშშ-ს პრეზიდენტის ოფისი იმ მოკავშირეებთან შეთანხმებას განიხილავს, რომლებსაც პატიმრობაში რუსი ჯაშუშები ჰყავთ. ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, გაიგოს ეს ქვეყნები მზად არიან თუ არა რუსეთთან პატიმრების გაცვლის გარიგებაში შესვლისთვის. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ ასევე განიხილავს იმ მოკავშირეებთან მოლაპარაკებას, რომელთა პატიმრობაში რუსები არ არიან.

ამავე ინფორმაციით, თეთრი სახლი პატიმრების გაცვლის სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქების პერსპექტივასაც განიხილავს. 

იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ აშშ-სთან ამ ტიპის გარიგებაში შესვლა, არიან ბრაზილია, ნორვეგია და გერმანია. მათ ახლახან დააკავეს სავარაუდოდ რუსი ჯაშუშები. 

გერმანიას პატიმრობაში ჰყავს რუსეთის შიდა ჯაშუშური სააგენტოს ყოფილი პოლკოვნიკი, ვადიმ კრასიკოვი, რომელიც, როგორც ცნობილია, იმ პატიმართა სიაშია, რომელიც რუსეთს სურს, დაიბრუნოს. 

როგორც CNN-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ზოგიერთი ეს მცდელობა გერშკოვიჩის დაკავებას წინ უსწრებდა, მას შემდეგ რაც მარტში The Wall Street Journal-ის რეპორტიორი დააკავეს, თეთრი სახლი ახლა უფრო ინტენსიურად ცდილობს პოლ უელანისა და ევან გერშკოვიჩის ამერიკაში დაბრუნებას. 

კომენტარები