საქართველო-რუსეთი

სახ.დეპი: თუ პირდაპირი ფრენები აღდგება, საქართველოში ავიაკომპანიები შესაძლოა დასანქცირდნენ

ვედანტ პატელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ქართული ავიაკომპანიები შესაძლოა დასანქცირდნენ

პატელის თქმით, მაშინ, როდესაც ყველა დასავლური ქვეყანა რუსეთის იზოლირებას ცდილობს, არ არის იმის დრო, რომ რომელიმე სახელმწიფომ კრემლთან დაახლოებასა და ჩართულობის გაზრდაზე იზრუნოს.

ასევე, პატელმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, საქართველოს მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმზე პრიორიტეტული ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და ამ ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გასვლაა. 

"საქართველოს მოსახლეობა, სავარაუდოდ, ამჯობინებს, რომ პუტინმა საქართველოს ოკუპირებული 20%-დან რუსული ჯარები გაიყვანოს, ვიდრე ფრენები აღადგინოს, ან სავიზო რეჟიმი შეცვალოს". - თქვა პატელმა.

10 მაისს ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

პუტინის განკარგულების შემდეგ, ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ავიანიუსთან კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა.

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". - აღნიშნავს გაიაშვილი ავიანიუსთან.

გაიაშვილის თქმით, იგი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმება. გაიაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები არ დაწყებულა, კვირის ბოლოს კი კომპანიაში თათბირი იგეგმება, სადაც ფრენებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კომენტარები