პაკისტანი

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრემიერის დაკავება უკანონოდ ცნო

იმრან ხანი

პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრის, იმრან ხანის დაკავება არაკანონიერი იყო. სასამართლომ ხანის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

იმრან ხანი ანტიკორუფციულმა სამართალდამცველმა ორგანომ, ეროვნული პასუხისგების ბიურომ 9 მაისს დააკავა, რასაც დიდი საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციების ფარგლებში დაიღუპა 10 ადამიანი და დააკავეს 2 000-მდე პირი.

"თქვენი დაკავება არასწორი იყო, ასე რომ მთელ პროცესს ხელახლა უნდა გავყვეთ". – უთხრა პაკისტანის უზენაესმა მოსამართლემ, უმარ ათა ბადიალმა ყოფილ პრემიერს, რომელიც კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული.

იმრან ხანის თქმით, მას დაკავების დროს ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ტოვებს ყოფილი პრემიერი უზენაესი სასამართლოს შენობას.

ეს მოვლენები იმრან ხანსა და ქვეყნის მმართველ სამხედრო ელიტას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე მოხდა. 

მას შემდეგ, რაც გასულ წელს 70 წლის იმრან ხანს პაკისტანის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა და მას თანამდებობის დატოვება მოუწია, ის პოლიტიკურ აქტიურობას არ წყვეტდა და საპროტესტო აქციების ტალღა წამოიწყო. ოპოზიციური პარტიები ამბობდნენ, რომ ხანმა ვერ შეძლო COVID-19-ის გამო დასუსტებული ეკონომიკის აღდგენა და ვერ შეასრულა დაპირება, რომ პაკისტანი კორუფციისგან თავისუფალი იქნებოდა.

იმრან ხანი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვდა. ნოემბერში გამართულ აქციაზე ყოფილ პრემიერს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, თუმცა მას დემონსტრაციები ამ შემთხვევის შემდეგაც არ შეუწყვეტია.

მისი ანტიამერიკული კამპანია პოპულარობით ახალგაზრდობაში სარგებლობს. ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაზრდილია უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. 

პაკისტანში პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, იმრან ხანმა მოქმედი პრემიერმინისტრი, შეჰბაზ შარიფი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა.

გასულ დღეებში იმრან ხანმა მისი მკვლელობის, სულ მცირე, ორ მცდელობაში, ქვეყნის სამხედრო ელიტა დაადანაშაულა, ხანის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის სამხედრო სტრუქტურამ გამოსცა იშვიათი საჯარო საყვედური ყოფილი პრემიერის ბრალდებებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ის თავდასხმების მცდელობებზე პასუხისმგებლობას სამხედრო ელიტას კვლავ საჯაროდ აკისრებდა.

თებერვალში პაკისტანის სასამართლომ ყოფილი პრემიერმინისტრის, იმრან ხანის დაკავების ორდერი გასცა. პროკურატურა ხანს მისი ქონების შესახებ "არასწორი ინფორმაციის" დეკლარირებას ედავებოდა.

ამჟამად პაკისტანში მწვავე ეკონომიკური კრიზისია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების პაკეტი თვეებით გადაიდო, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო რეზერვები რთულად თუ ჰყოფნის ერთი თვის იმპორტის დაფარვას.

1947 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ პაკისტანში, რომელიც რეალურად სამხედრო კლასის მიერაა მართული, არცერთ პრემიერმინისტრს არ დაუსრულებია მმართველობის სრული ვადა, თუმცა ხანი პირველია, ვინც უნდობლობის გამოცხადებით გადააყენეს.

პაკისტანში საყოველთაო არჩევნები 2023 წლის 14 ოქტომბრამდე ჩატარდება.

კომენტარები