ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ე.წ კარტოგრაფების საქმის ერთერთი მოსამართლე განიხილავს

საზოგადოებრივი მაუწყებელი

18 მაისს, 11:00 საათზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა იწყება. 

საქმეს უვადო მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს, რომელიც ე.წ კარტოგრაფების საქმის ერთერთი მოსამართლე იყო. სწორედ შარაძემ დატოვა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში 214 თავდების მიუხედავად. მანვე დაცვის მხარეს უარი უთხრა ირაკლი ღარიბაშვილის მოწმის სახით გამოკითხვაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემებით, ზვიად შარაძე სასამართლო სისტემაში 2011 წლიდან მუშაობს, იქამდე, 2007-2011 წლებში, ის შპს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტის კომპანიის იურისტი იყო. 

ზვიად შარაძე 2011-2013 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა, 2013-2015 წლებში მან სასამართლო სისტემა დატოვა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი გახდა. მალევე, 2015 წელს, შარაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლაში მსმენელად ჩაირიცხა. 2016 წლის 14 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

2019 წელს ზვიად შარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე გახდა. იმავე წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის უვადო მოსამართლედ გაამწესა.


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

კომენტარები