ზვიად შარაძე

რას აზიარებს Fb-ზე მოსამართლე, რომელმაც მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

214 თავდების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება 35 წლის ზვიად შარაძემ მიიღო. ის 2019 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა.

2014 წელს ზვიად შარაძე Facebook-ზე აზიარებდა "ღვთისმშობელს ხეზე".

საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მხარდამჭერების თქმით, აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ გაიმართა, რომ იქ "მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ძალიან სამარცხვინოდ, უბრალოდ არ აწვდიან დაკავებულების ადვოკატებს მასალებს, რომლებიც უდავოდ გამოდგება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მათი უდანაშაულობა".

საპროტესტო აქციების პარალელურად ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, სურვილის შემთხვევაში, თავდებად დადგომოდნენ კომისიის დაპატიმრებულ წევრებს. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულების თავდებში ჩადგომას 214 ადამიანი დასთანხმდა. ასევე, ადვოკატები საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც ითხოვენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში უშუალოდ იყო ჩართული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები