საქართველო-რუსეთი

ბოკერია: პუტინს სურს ოცნებას დაეხმაროს პროპაგანდაში, რომ მათ ხელში რუსეთისგან საფრთხე არაა

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ეხმაურება. ბოკერია წერს, რომ ამ გზით პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქართულ ოცნებას ეხმარება პროპაგანდაში, რომ მართი მმართველობისას საქართველოს რუსეთისგან საფრთხე არ ემუქრება.

"რა მოტივი აქვს პუტინის რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისას? ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ აბსურდული ვერსია, რომ ჩვენს მტერს ქართველებზე გული მოუბრუნდა. ერთადერთი ლოგიკური ახსნაა, რომ პუტინს სურს ქართულ ოცნებას დაეხმაროს მის პროპაგანდაში, რომ მშვიდობას იცავენ და რუსეთისგან საფრთხე მათ ხელში არ გვემუქრება.

უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ შეიძლება მტრული სახელმწიფოს ლიდერს საქართველოს ხელისუფლების დახმარება სურდეს? აქაც ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ აბსურდული ვერსია, რომ ჩვენს მტერს საქართველოსთვის კარგი უნდა. რჩება მხოლოდ ერთი ლოგიკური, რაციონალური პასუხი, ერთადერთი სიმართლე: ის, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს შედის პუტინის რუსეთის ინტერესებში და ამიტომ ეხმარება მას ძალაუფლების შენარჩუნებაში, კერძოდ, საქართველოს დაპირისპირება და იზოლაცია დასავლეთისგან, რუსეთის პირისპირ მარტო დატოვება, უადვილებს მას იმ ამოცანას, რომელიც ჰქონდა, აქვს და ექნება, სანამ რუსეთს ბუნების რეჟიმი მართავს: საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება. ვითომ მშვიდობის დაცვის ლოზუნგით ქართული ოცნება დაუცველს გვტოვებს მთავარი საფრთხის წინაშე". – წერს ბოკერია.

რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

როგორც განკარგულებაშია განმარტებული, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება ექნებათ და მხოლოდ იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევთ (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, უკან დაბრუნების დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ 90დღის გატარების უფლება ექნებათ. ამავდროულად, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

კომენტარები