პაკისტანი

პაკისტანში ყოფილი პრემიერმინისტრი, იმრან ხანი დააკავეს

იმრან ხანი
REUTERS/Akhtar Soomro

პაკისტანის ანტიკორუფციულმა მაკონტროლირებელმა ორგანომ ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი, იმრან ხანი ისლამაბადში, უზენაეს სასამართლოსთან დააკავა. 

"პაკისტანელო ხალხო, თქვენი ქვეყნის გადარჩენის დროა. მეტი შანსი აღარ გექნებათ... თქვენი დროა, პაკისტანელო ხალხო. ხანი ყოველთვის თქვენს გვერდით იყო, ახლა დროა თქვენ დაუდგეთ მას". – დაწერა იმრან ხანის პარტიამ, თეჰრიკ-ე-ინსაფმა საკუთარ Twitter-ზე.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გაჰყავთ მძიმედ აღჭურვილ სამართალდამცველებს ყოფილი პრემიერი.

როგორც Twitter-ზე გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საპროტესტო აქციები პაკისტანში უკვე დაიწყო. 

დემონსტრანტებმა ქუჩები გადაკეტეს იმრან ხანის მშობლიურ ქალაქ ლაჰორში, სადაც პოლიცია მაღალ მზადყოფნაზეა გადაყვანილი. ასევე, გზის მთავარი ნაწილი გადაკეტეს საპორტო ქალაქ კარაჩიშიც.

აქამდე, როდესაც იმრან ხანის ლაჰორში, მის სახლში დაკავებას ცდილობდნენ, სამართალდამცველებს წინააღმდეგობას მისმა მხარდამჭერებმა გაუწიეს.

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის, რანა სანაულას თქმით, იმრან ხანი ეროვნული პასუხისგების ბიურომ დააკავა, მას შემდეგ, რაც "რამდენიმე გაფრთხილების" მიუხედავად, ყოფილი პრემიერი ამ ორგანოს წინაშე არ წარსდგა. Reuters-ის ცნობით, პასუხისგების ბიუროს ხანის დაკავების ბრძანება პირველ მაისს ჰქონდა გაცემული. ხანს ბრალად ედება კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობა.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს 70 წლის იმრან ხანს პაკისტანის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა და მას თანამდებობის დატოვება მოუწია, ის პოლიტიკურ აქტიურობას არ წყვეტდა და საპროტესტო აქციების ტალღა წამოიწყო. ოპოზიციური პარტიები ამბობდნენ, რომ ხანმა ვერ შეძლო COVID-19-ის გამო დასუსტებული ეკონომიკის აღდგენა და ვერ შეასრულა დაპირება, რომ პაკისტანი კორუფციისგან თავისუფალი იქნებოდა.

იმრან ხანი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვდა. ნოემბერში გამართულ აქციაზე ყოფილ პრემიერს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, თუმცა მას დემონსტრაციები ამ შემთხვევის შემდეგაც არ შეუწყვეტია.

მისი ანტიამერიკული კამპანია პოპულარობით ახალგაზრდობაში სარგებლობს. ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაზრდილია უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. 

პაკისტანში პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, იმრან ხანმა მოქმედი პრემიერმინისტრი, შეჰბაზ შარიფი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა.

გასულ დღეებში იმრან ხანმა მისი მკვლელობის, სულ მცირე, ორ მცდელობაში, ქვეყნის სამხედრო ელიტა დაადანაშაულა, ხანის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის სამხედრო სტრუქტურამ გამოსცა იშვიათი საჯარო საყვედური ყოფილი პრემიერის ბრალდებებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ის თავდასხმების მცდელობებზე პასუხისმგებლობას სამხედრო ელიტას კვლავ საჯაროდ აკისრებდა.

თებერვალში პაკისტანის სასამართლომ ყოფილი პრემიერმინისტრის, იმრან ხანის დაკავების ორდერი გასცა. პროკურატურა ხანს მისი ქონების შესახებ "არასწორი ინფორმაციის" დეკლარირებას ედავებოდა.

ამჟამად პაკისტანში მწვავე ეკონომიკური კრიზისია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების პაკეტი თვეებით გადაიდო, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო რეზერვები რთულად თუ ჰყოფნის ერთი თვის იმპორტის დაფარვას.

1947 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ პაკისტანში, რომელიც რეალურად სამხედრო კლასის მიერაა მართული, არცერთ პრემიერმინისტრს არ დაუსრულებია მმართველობის სრული ვადა, თუმცა ხანი პირველია, ვინც უნდობლობის გამოცხადებით გადააყენეს.

პაკისტანში საყოველთაო არჩევნები 2023 წლის 14 ოქტომბრამდე ჩატარდება.

კომენტარები