პარაპლანით ფრენა

მთავრობამ პარაპლანით ფრენის რეგულირების წესები დაამტკიცა

მთავრობამ დაამტკიცა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს. მთავრობის სხდომაზე განმარტეს, რომ სფერო უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, დროებითი წესის საფუძველზე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობა არსებობს.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პროექტზე უფრო დეტალურად ისაუბრა.  

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება ქვეყანაში უბედური შემთხვევების და ტრაგედიების თავიდან აცილებისთვისაა საჭირო. ამასთან წულუკიანმა გამოთქვა სურვილი, რომ რეგულაციებმა საკანონმდებლო ცვლილების სახე მიიღოს და კანონად გადაიქცეს. 

"ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, მათ შორის, სამწუხაროდ, უბედური შემთხვევებიც და ტრაგედიებიც იყო სახეზე. ფედერაცია, რომელიც არ არის ჩვენი სამინისტროს მიერ აღიარებული, აქტიურად იყო ჩვენთან ერთად ამ წესის შემუშავებაში ჩართული. დღეს დამტკიცებული წესის თანახმად სწორედ ეს ფედერაცია უკვე გარკვეულ რეგულაციებს იღებს, რომლებიც არის საკმაოდ მკაფიო. იმედი მაქვს, ეს აქტი საკანონმდებლო ცვლილების სახეს მიიღებს და კანონად გადაიქცევა.

ეს ფედერაცია ხდება გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, ვინაიდან ამ წესის მიღების შემდეგ, ვერცერთი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი ვერ განახორციელებს ფრენას თუ თვითონ მფრინავი, პილოტი არ არის პროფესიონალი და არ აქვს ჩაბარებული გამოცდა. ასევე ამ წესის თანახმად, თავად აპარატურა უნდა იყოს გამართული. თითქოს ელემენტარულია, მაგრამ აქამდე გაწერილი არ იყო". - თქვა წულუკიანმა. 

მინისტრმა ასევე ისაუბრა მონიტორინგის მექანიზმზეც. მისი თქმით მონიტორინგი ფედერაციის მოვალეობა იქნება, ხოლო ფედერაციაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტროს საჰაერო ნავიგაციის სააგენტო უზრუნველყოფს.

"როდესაც ფედერაცია განსაზღვრავს ფრენისათვის ვარგის არეალებს, რომლის მიღმაც ფრენა იქნება აკრძალული, შსს სწორედ ამ არეალის ფარგლებში წესების დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი. შსს-მ აღსრულების საკითხში დახმარება უნდა აღმოუჩინოს ფედერაციას დააღკვეთოს ნებისმიერი უკანონო ფრენა ამ არეალების მიღმა. ამასთან, შემთხვევით ვისარგებლებ და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ ოჯახებს, რომელთა ოჯახის წევრებიც უპასუხისმგებლოდ ორგანიზებული ფრენის შედეგად მსხვერპლების გადარჩენის ოპერაციისას დაიღუპნენ". - აღნიშნა წულუკიანმა. 

წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება "პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი".

პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა.

წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულდა საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები.

კომენტარები