ისრაელი

ისრაელში მთავრობის წინააღმდეგ კიდევ ერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელში პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

Reuters-ის ინფორმაციით, აქციაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

ისრაელის ახალი მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

მთავრობამ სადავო რეფორმა ქვეყანაში გამართული მასობრივი აქციებისა და გაფიცვების გამო დროებით შეაჩერა, თუმცა პრემიერმინისტრის თქმით, ის გაგრძელდება, რადგან ისრაელში ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი უნდა აღდგეს.

კომენტარები