კანონი LGBT პროპაგანდაზე

მდინარაძე ALT-INFO-ს კანონზე: მიღება არ განიხილება, არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი დავუპირისპიროთ

მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერების მიერ დარეგისტრირებულ და ევროპელი სოციალისტების ლიდერის, ფრიდონ ინჯიას მიერ გაჟღერებული ჰომოფობიურ კანონებს ეხმაურება და ამბობს, რომ უმრავლესობაში ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება. 

"თქვენ ნუ შეაფასებთ ვინ არის პრორუსული. თქვენი შეფასებით, ქართული ოცნებაც პრურუსულია და აბსოლუტური ფეიკი და მავნებლობაა ასეთი შეფასებები. რაც შეეხება თავად ინიციატივას - ჩვენთან, ქართულ ოცნებაში არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. 

ამას აქვს თავისი არგუმენტები - მათ შორის, მთავარი არის სამართლებრივი არგუმენტები და სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება. მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს, შეიძლება, აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს და მესამე - მე პირადად, და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ შეიძლება ვიღაც მართალი აღმოჩნდეს ან არ აღმოჩნდეს მართალი". - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

პუტინისტური პარტია კონსერვატიული მოძრაობის წევრები და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები – გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია – პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტით LGBT+ ადამიანების მანიფესტაციების შეზღუდვას ითხოვენ. მათ პროექტი პარლამენტში 2022 წლის ზაფხულში წარადგინეს. მოძალადეებმა პარლამენტში კანონპროექტი მინიმუმ 25 000 ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესის გზით დაარეგისტრირეს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში პუტინისტები წერენ, რომ უნდა აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, "თუ იგი მიზნად ისახავს, ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას".

ამასთან, 3 მაისს ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ ის მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც, საქართველოში "LGBT პროპაგანდას" შეზღუდავს.

კომენტარები