უკრაინა

უკრაინის რადამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც "რაშიზმი" რუსეთის ეროვნულ იდეოლოგიად გამოცხადდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო რეზოლუცია  "რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეჟიმის მიერ რაშიზმის იდეოლოგიის გამოყენების, რაშიზმის საფუძვლებისა და პრაქტიკის, როგორც ტოტალიტარულისა და მიზანთროპულის, დაგმობის შესახებ“, რომლითაც "რაშიზმი" რუსეთის ეროვნულ იდეოლოგიად ცხადდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

გადაწყვეტილებას მხარი 281-მა დეპუტატმა დაუჭირა. შესაბამის განცხადებაში რადა გმობს "რაშიზმს", როგორც იდეოლოგიასა და პრაქტიკას, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკას უდევს საფუძვლად.

უკრაინის პარლამენტი  გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, უცხო სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს "რაშიზმის" იდეოლოგიის, პოლიტიკის და  პრაქტიკის დაგმობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

ამასთან უკრაინის პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკური რეჟიმის- დანაშაულებრივად , რუსეთის ფედერაციის- ტერორისტულ სახელმწიფოდ და სახელმწიფო ორგანოების და მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ქმედებების- უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისკენ.

რეზოლუციაში განმარტებულია, რომ საჭიროა ქმედითი ზომები, რათა "აგრესიაზე, ომის დანაშაულებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდზე პასუხისმგებლობა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისროს". 

რეზოლუციის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ  დადგენილება  საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის რუსული პოლიტიკის განსაზღვრისას ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების  საშუალებას იძლევა. 

კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადას გვერდზე გამოქვეყნდა. 

 

კომენტარები