საქართველო-პოლონეთი

"პოლონეთის მხარდაჭერა გვექნება" – ზბიგნიევ რაუ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნიევ რაუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ "ჩვენ დაგვჭირდება პოლონეთის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა გვექნება ჩვენი ისტორიული მისიის განსახორციელებლად - ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ზოგადად თავისუფალ სამყაროში დასაბრუნებლად".

"ეს ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ეს შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა იყოს გაძლიერებული. როდესაც ჩვენ გვეყოლება პროევროპული მთავრობა, მაშინ პოლონეთი იქნება ჩვენი საკვანძო პარტნიორი".- აღნიშნა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

ლელოს ერთერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით კი, "ჩვენი სათქმელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი დაემთხვა ერთმანეთს - პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში". მისი შეფასებით, პოლონეთის ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

"პოლონეთის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტამდე დარჩენილ დროში ძალიან აქტიური იყოს ამ პროცესში. პოლონეთის სახით ქართველ ხალხს და საქართველოს ჰყავს და ეყოლება ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. პოლონეთს ძალიან კარგად ესმის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარება - ერთი მხრივ ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამჟღავნებს სერიოზულ სწრაფვას ევროპისკენ და ამასობაში, მთავრობის ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რიტორიკა, ანტიდასავლური პროპაგანდა არ არის შესაბამისობაში ამ ყველაფერთან" - თქვა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ "პოლონეთის პოზიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ვიზიტები არ იქნება ერთჯერადი, იქნება უფრო აქტიური“.

ზბიგნიევ რაუ საქართველოს ვიზიტით 27 აპრილს ეწვია - ის უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

კომენტარები