ოპოზიციური ერთობა

ხაბეიშვილი: მე ვხედავ, რომ პროდასავლურ ოპოზიციაში დიდი გაერთიანება უნდა იყოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტია ნებისმიერი თანამშრომლობისთვის მზად არის. ხაბეიშვილი ამბობს, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის დიდი გაერთიანება უნდა იყოს.

"ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვხედავ, რომ პროდასავლურ ოპოზიციაში დიდი გაერთიანება უნდა იყოს. მეტსაც გეტყვით, ნაციონალური მოძრაობა ნებისმიერი თანამშრომლობისთვის მზადაა. ეს ჩვენ დავამტკიცეთ. მაგალითად: 7-8 მარტს რუსულ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ყველასთან ერთად ფიზიკურად ვიბრძოდით პარლამენტში. მეორე, 9 აპრილს, როდესაც ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია გვქონდა, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ იქ სიტყვით გამოვიდა, მაგალითად, გიორგი მარგველაშვილი. რომ იქ იყვნენ, მაგალითად, გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები. იმ თემებზე, როგორიც არის: საქართველოს ევროპული მომავალი, არა რუსულ მთავრობას, არა რუსულ კლანს სასამართლოში, კობახიძისა და საქართველოს მოღალატეების დასანქცირების საკითხი, დიახ, ვიქნებით ერთიანი. რაც შეეხება ერთობას. შეიძლება, ვინმე ერთობას ფიქრობდეს, რომ აი, მაინცდამაინც ყველა ერთ ბლოკსა და პარტიაში უნდა იყოს. ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ, მე ნებისმიერი სახის თანამშრომლობას განვიხილავ. თუნდაც, ეს იყოს ოფიციალური გაერთიანებები, ან საერთო საპარლამენტო სია". - თქვა ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში.

ოპოზიციური პარტიების გაერთიანების საკითხს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა. ვაშაძემ თქვა, ის ფიქრობს, რომ ოპოზიცია, მათ შორის, არჩევნებამდეც უნდა გაერთიანდეს. მან ასევე განაცხადა, რომ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ერთ რანგში დაყენება არასწორი ჰგონია, რადგან, მისივე თქმით, ქართული ოცნება პრორუსული ძალაა, ენმ კი პროდასავლური.

 

კომენტარები