ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია მარიონეტი ბჟანიასგან ე.წ. მინისტრების დათხოვას ითხოვს

TASS

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია მარიონეტი ლიდერისგან, ასლან ბჟანიასგან ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დათხოვას ითხოვს

"თუ ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლება არ შეასრულებს ჩვენს ყველა მოთხოვნას და არ მოაწერს ხელს განკარგულებას ანტიეროვნული მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის შესახებ, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები გამოაცხადებენ ქალაქ სოხუმში პროტესტის აქციის ჩატარების თარიღს". – გამოაცხადა ვეტერანთა ორგანიზაცია არუაას ლიდერმა, თემურ გულიამ.

ე.წ. კაბინეტის დათხოვნის გარდა, ოპოზიცია ითხოვს, რომ გამოითხოვონ ბიჭვინთის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმება, ასევე შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიღება-აღსრულების შესახებ, დააბრუნონ ელექტროენერგიის საზოგადოებაზე გათვლილი ტარიფები, უარი თქვან მიიღონ კანონი აპარტ-სასტუმროებისა და ბინების სამართლებრივი მდგომარეობის დარეგულირების შესახებ.

განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი რეჟიმის შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ: არუაამ, აფხაზეთის ეროვნულმა მოძრაობამ, აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა, აფსნიმ, აამთამ, ერთობამ და ახიაცამ გაავრცელეს.

2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე.

ხელშეკრულება რუსეთისთვის 186 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით იჯარით გადაცემას ითვალისწინებს.

გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

2022 წელს ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმებამ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. შემდეგში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდოდა.

კომენტარები