ევროკავშირი

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და მოლდოვაზე ისაუბრებენ

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი განხილვის თემა საქართველო და მოლდოვა იქნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოსეფ ბორელმა ისაუბრა. 

"ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და უნდა გვახსოვდეს, რომ მას უსაფრთხოების სპეციფიკური პრობლემები აქვს, ვინაიდან ის ნაწილობრივ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოლდოვაშიც გარკვეულწილად იგივე მდგომარეობაა". – თქვა ბორელმა. 

ასევე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთის საკითხს განიხილავენ, რომელსაც ბორელმა "ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი" უწოდა. 

დღეს, ჩინეთის საელჩომ საფრანგეთში ელჩი ლუ შაის ინტერვიუს ტრანსკრიპტი წაშალა, რომელშიც შაიმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა

ლუ შაიმ ფრანგულ ტელევიზია LCI-თან ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს საერთაშორისო სამართალში "ეფექტური სტატუსი" არ აქვთ. 

კითხვაზე, ეკუთვნის თუ არა ყირიმი უკრაინას, ლუმ თქვა, რომ "ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამ პრობლემას" და განაგრძო, რომ ყირიმი ისტორიულად რუსეთის ნაწილი იყო და უკრაინას ის ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გადასცა. 

"საერთაშორისო სამართალში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს სტატუსიც კი არ აქვთ [ეფექტური სტატუსი], რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მათ სუვერენულ ქვეყნებად მატერიალიზაციას ახდენს". - აღნიშნა შაიმ. 

ჩინეთის ელჩის განცხადებამ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის მაღალჩინოსნების აღშფოთება გამოიწვია. 

კომენტარები