შეტაკებები სუდანში

ხვთისიაშვილი: სუდანში 30-მდე ქართველი იმყოფება, ვმუშაობთ მათ უსაფრთხოდ დასაბრუნებლად

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურდ მუშაობს, რომ საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საქართველოში. 

"ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან. ახლა დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს ან შესაძლებლობა მოვძებნოთ რამენაირად, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან, რომ უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში". - აღნიშნა ხვთისიაშვილმა. 

მისივე თქმით, საქართველო გაეროს ოფისთან და სხვა პარტნიორებთან კონტაქტზეა და კოორდინირებულად მუშაობს.

"ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიღაც მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და მოხდეს იმ მხარესთან შემდეგ უკვე ნებართვებსა და ჰუმანიტარულ დერეფანზე დალაპარაკება. ველოდებით, ცოტა ჩამშვიდდეს, ჩაწყნარდეს, რომ შესაძლებლობა გვქონდეს, ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით, სამწუხაროდ არ გველაპარაკებიან, რადგან შეტაკებებში არიან ჩართულები". - თქვა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ სუდანში მყოფი ქართველები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან, "იმ ადგილზე არიან, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, რომ გარეთ არ გამოვიდნენ".

ბოლოდროინდელი მონაცემებით, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 1 100-ს აღწევს. 

სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

BBC წერს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შემდეგ სუდანის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები შენიშნეს. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ისინი სუდანის საჰაერო ძალებს ეკუთვნიან და ამასთან, სწრაფი რეაგირების ძალებთან (RSF) დაკავშირებულ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. 

RSF-ის მტკიცებით, მათ კონტროლი პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე დაამყარეს, რასაც სუდანის არმია უარყოფს. მანამდე RSF-მ აღნიშნა, რომ არმია ხართუმის სამხრეთით მდებარე მის ერთ-ერთ ბანაკს თავს დაესხა, ხოლო არმიის თქმით, RSF-ის მებრძოლები მათი სამხედრო შტაბის დაკავებას ცდილობდნენ

ხუთშაბათს, 13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს.

კომენტარები