სააღდგომო ეპისტოლე 2023

ილია მეორე: ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება

თუ მათ ჯვარცმისას უფალი მიატოვეს და ძრწოდნენ ქვეყნის მთავართა და მღვდელმთავართა შიშით, ახლა განძლიერდნენ; სულთმოფენობის შემდეგ კი დიდ საიდუმლოებებს ზიარებულნი იმდენად განმტკიცდნენ, რომ მზად იყვნენ ყველგან და ყველას წინაშე დაუბრკოლებლად დაემოწმებინათ უფლის სწავლება და თავი დაედოთ მისთვის. ეს რწმენა მოციქულებმა მთელ მსოფლიოს მოჰფინეს.

ყოველივე ეს საფუძველია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. იგი განაპირობებს ჩვენს მრწამსსაც და, მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველას სხეულებრივი აღდგომის გარდაუვალობასაც; ამიტომაც ბრძანებს მოციქული: თუ მიგაჩნიათ, "რომ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. მაშ ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა" (1კორ. 15:16-17), ხოლო ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: "ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ" (ინ.14.23).

ზემოაღნიშნულზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება. მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ კი მათთვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება, რათა საყოველთაო განკითხვის ჟამს, ჩვენი ეს ქველმოქმედება მათ მიეთვალოთ. ამასთან, ამგვარი ღვაწლი ამქვეყნად სიკეთედ შეგვერაცხება და ჩვენს მომავალ ცხოვრებასაც შეეწევა.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის 2023 წლის სააღდგომო ეპისტოლე.

კომენტარები