უნგრეთი

უნგრეთმა რუსეთთან ბუნებრივი აირის დამატებითი იმპორტის შეთანხმება გაახანგრძლივა

ალექსეი ლიხაჩოვი და პეტერ სიიარტო

უნგრეთმა გაახანგრძლივა რუსეთთან შეთანხმება ბუნებრივი აირის იმპორტზე. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან მოლაპარაკებების შემდეგ ისაუბრა.

მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სიჯარტომ თქვა, რომ რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია "გაზპრომი" დათანხმდა უნგრეთს, საჭიროების შემთხვევაში, ბუნებრივი აირის იმპორტი გაზარდოს. სიიარტოს ინფორმაციით, გაზი უნგრეთს ძირითადად გაზსადენ "თურქული ნაკადით" მიეწოდება. 

სიიარტოს განმარტებით, უნგრეთის მიერ იმპორტირებული გაზის 85% რუსეთზე მოდის, სწორედ ამიტომ, მოსკოვთან შეთანხმების გახანგრძლივება ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ომის დაწყების შემდეგ, უნგრეთის მთავრობა ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე სანქციებისა და ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოვიდა. 

სიიარტო ევროკავშირის ქვეყნიდან ერთადერთი ოფიციალური პირია, რომელიც რუს მაღალჩინოსნებს შეხვდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა. მოსკოვში ვიზიტისას ნოვაკთან ერთად, სიიარტო Rosatom-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალექსეი ლიხაჩოვსაც შეხვდა. ნოვაკი და ლიხაჩოვი უკრაინისა და მისი ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნისგან არიან დასანქცირებულები. 

"სანამ ენერგომომარაგება ფიზიკური, ყოფითი საკითხია და არა პოლიტიკური ან იდეოლოგიური, მოგვწონს თუ არა, რუსეთი და რუსეთთან თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის". - თქვა სიიარტომ. 

პიტერ სიიარტო გასულ კვირას საქართველოშიც იმყოფებოდა და ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. ილია დარჩიაშვილმა შეხვედრის ამსახველი კადრი Twitter-ზე ატვირთა, წარწერით:

"ყოველთვის სასიამოვნოა, როცა საქართველოს ნამდვილ მეგობარს მასპინძლობ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო თბილისშია".

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიერ უნგრელი კოლეგის, პეტერ სიიარტოს საქართველოს ნამდვილ მეგობრად მოხსენიებას გამოეხმაურა. 

"ღმერთო ჩემო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს ნამდვილი მეგობრის წოდება ყველაფერზე მეტყველებს. მთავრობა, რომელმაც ევროკავშირის წევრად ყოფნის მიუხედავად, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ამოძირკვა. უნგრეთში რუსეთის დე-ფაქტო მარიონეტული რეჟიმია, რომელიც თითქმის არანაირ მხარდაჭერას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ". - წერს კრამონი Twitter-ზე. 

კომენტარები