ბიძინა ივანიშვილი

კენიის პარლამენტში ივანიშვილის მიერ ბაობაბების საქართველოში ექსპორტზე გამოძიება დაიწყეს

ბიძინა ივანიშვილი
Forbes

კენიური მედიის ცნობით, კენიის პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის გარემოს დაცვის კომიტეტმა დაიწყო გამოძიება კილიფის რეგიონიდან ბაობაბების საქართველოში ექსპორტის საქმესთან დაკავშირებით.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ჩარლზ კამურენმა თქვა, რომ გამოძიება პარლამენტს აცნობებს, რა კანონი უნდა გატარდებს ხეების დასაცავად.

"როგორც აღმასრულებელი ძალა, ჩვენ მოვიფიქრებთ კანონს, რათა დავიცვათ კენიელების საკუთრება. შეშფოთებულ დეპარტამენტებს მივცემთ მითითებებს ბაობაბების ექსპორტთან დაკავშირებით".  – თქვა კამურენმა. 

გასული წლის ნოემბერში, ადგილობრივთა უკმაყოფილების შემდეგ, კენიის მთავრობამ საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტი აკრძალა, თუმცა გასულ თვეში ეს აკრძალვა მოხსნეს.

როგორც კენიური მედია წერს, ბაობაბის ხეები კილიფის რეგიონის ორ სოფელში ტეზოსა და მაჯაონიში ამოძირკვეს და შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გაგზავნეს. 

დეპუტატმა კილიფიდან, ოვენ ბაიამ, რომელმაც ბაობაბების ექსპორტის უფლება გასცა, თქვა, რომ სოფლის მაცხოვრებლების მიერ ბაობაბების ამოძრიკვა და გაყიდვა არც ერთი კანონით არ იზღუდება, რადგან ეს ხე არც ადგილობრივი და არც საფრთხის წინაშე მყოფი სახეობაა.

"ბაობაბი არსადაა კატეგორიზებული როგორც საფრთხის წინაშე მყოფი ჯიში. მე მეტყევეობის მაღალჩინოსნები და კაბინეტის თავმჯდომარე დავარწმუნე, რომ ბაობაბის რვა ხის ექსპორტი დაეშვათ". – თქვა ოვენ ბაიამ. 

თუმცა სიტუაციას განსხვავებულად უყურებს გარემოს დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი, ბეტი კაჩე, რომლის თქმითაც, ექსპორტის დროს უგულებელყვეს ხეების ეკონომიკიური და სოციალური ღირებულება. მისი თქმით, ბაობაბებს ტრადიციული მნიშვნელობა აქვს მიჯიკენდას ხალხისთვის და მათი ექსპორტი დაუშვებელია.

"გარემოს მენეჯმენტის ეროვნულმა სამმართველომ გასულ წელს ექსპორტის ლიცენზია გააუქმა, მაგრამ ახლა დაამტკიცეს. გვსურს ვიცოდეთ რატომ". – თქვა კაჩემ.

კილიფის სოფლების მცხოვრებლებმა ხეები 800-2 400 დოლარის ფარგლებში გაყიდეს.

კენიის ეროვნული ასამბლეაში კილიფის რეგიონის ქალთა წარმომადგენელი, გერტრუდ მბეიუ ამბობს, რომ საჭიროა საქართველოში ჩასვლა და გარკვევა, რატომ სურს ინვესტორს ხეების ექსპორტი.

"სამწუხაროდ, მათ ჩვენს ხალხს 100 000 კენიური შილინგი (დაახლოებით $800) გადაუხადეს, თუმცა საქართველოში 3.5 მილიონ კენიურ შილინგად ყიდიან და ამიტომ გვსურს ამ ქვეყანაში ვიზიტი და კომპენსაციის მოთხოვნა". – თქვა მბეიუმ. 

კენიის ასამბლეაში საუბრობენ სავარაუდო კორუფციისა და პროცედურული დარღვევის ფაქტებზე.

საუბარია ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის განკუთვნილ ბაობაბებზე. გასული წლის ნოემბერში ამ ხეების ექსპორტი შეაჩერეს, რადგან მყიდველებმა ამოძირკვა იქამდე დაიწყეს, სანამ შესაბამისი ლიცენზია გაიცემოდა.

ექსპორტის აკრძალვამდე, კენიის გარემოს მენეჯმენტის ეროვნულმა სამმართველომ პროცესის შესაჩერებლად საჩივარი სასამართლოში შეიტანა. ამისდა მიუხედავად, როგორც განცხადებაში ეწერა, კერძო კომპანიამ სამმართველოსგან ამოძირკვის ნებართვა მაინც მიიღო, კერძოდ, კილიფის რეგიონის გარემოს დაცვის დირექტორისგან. მის მიერ ლიცენზიის გაცემას გარემოს დაცვის მინისტრი "არარეგულარულს" უწოდებდა.

კენიის გარემოს დაცვის სამინისტრო წერდა, რომ "ბაობაბის ხეების ამოძირკვას სჭირდება ადეკვატური ავტორიზაცია და ცხადი, გამჭვირვალე ფორმულა, რომელიც აჩვენებს თუ რა სარგებელს ნახულობს საზოგადოება". სამინისტროს განცხადებით, ეს ნორმები, მოცემულ შემთხვევაში, დაცული არ იყო.

როგორც BBC წერდა, ცნობების მიხედვით, კალიფიში ფერმერთა მცირე ჯგუფს საკუთარი მიწიდან ბაობაბის ხეების მოშორება სურდა, რათა აქ სიმინდი დაეთესათ და მათ ხეები 800-2 400 დოლარის შუალედში გაყიდეს.

ხეების ამოძირკვას კენიის საზოგადოებასა და მედიაში უკმაყოფილება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მასალები საერთაშორისო მედიაშიც გამოქვეყნდა.

21 ნოემბერს კენიის პრეზიდენტმა, უილიამ რუტომ გარემოს დაცვის სამინისტროს კილიფის რეგიონში ბაობაბების ამოძირკვის პროცესის განხილვის განკარგულება მისცა.

როგორც კენიური მედია, Nairobi News-ი წერდა, 8 ბაობაბი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში უნდა გადაეტანათ. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერაა გახსნილი.

გარემოს დაცვის აქტივისტები, ბაობაბების ამოძირკვას "ბიომეკობრეობას" უწოდებდნენ.

ბრიტანული მედია, The Guardian-ი 24 ოქტომბერს ბაობაბების შესახებ წერდა, თუ როგორ მიყიდეს კენიელმა ფერმერებმა საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე ბაობაბები ჯგუფს, რომელსაც ქართველი პირი, გიორგი გვასალია უძღვებოდა. როგორც The Guardian-ი წერდა, გვასალია ბაობაბის "უნაკლო" ხეებს 2019 წლიდან ეძებს და ამ საქმისთვის დრონებსაც იყენებს. 

"ისინი (ფერმერები) ჩემ გარეშეც ხოცავდნენ [ხეებს], რადგან სიმინდის დათესვა სურთ. ვერ ვხედავ ვერაფერ ცუდს, თუ გადავარჩენთ ხეს, რომელსაც შეშად და ნახშირადაც ვერ გამოიყენებენ. ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ტრაგედია ხეების არაფრისთვის მოკვლაა". – ამბობდა გვასალია The Guardian-თან.

კომენტარები