სასამართლო კლანის სანქცირება

იოსელიანი: მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირდებით კომენტარი მისი მანდატის ფარგლებს ცდება.

"შემიძლია, ვისაუბრო რეკომენდაციებზე, პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სახალხო დამცველს და მეც, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს, გაგვაჩნდა. ეს დაკავშირებული იყო, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან, იუსტიციის სკოლის გამიჯვნასთან, გამჭვირვალობის პროცესის შემოღებასთან. ეს არის რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალი, რაზეც, მათ შორის, პარლამენტში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ყოველთვის აკეთებდა აქცენტირებას და ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას.

ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით პროცესი კიდევ უფრო გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს. სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს თავის დროზე მთელი რიგი რეკომენდაციები აქვს გაცემული". – თქვა იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

5 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. სანქციები დაუწესდათ მათი ოჯახის წევრებსაც. 

როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განმარტა, სანქცირებული პირები ხელს უშლიდნენ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას.

კომენტარები