რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საქართველოდან რუსებისთვის დასაქმების შეთავაზებების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა – რუსული მედია

Reuters

საქართველოდან რუსებისთვის დასაქმების შეთავაზებების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.  

რუსული მედია რეკრუტირების პორტალზე (HeadHunter) დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, თითქმის 96 000-მა რუსმა აპლიკანტმა მიიღო სამუშაო შეთავაზება საზღვარგარეთიდან, რაც 57%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. 

ამავე მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში რუსი მუშახელის მასობრივი მიზიდვის მხრივ საქართველო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ამავე დროით პერიოდში რუსებმა საქართველოდან 9 000-ზე მეტი სამუშაო შეთავაზება მიიღეს, რაც 160 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს. რეიტინგის პირველ ადგილს ყაზაზეთი, მეორეს კი ბელარუსი, შესაბამისად, 29 500 და 20 500 რაოდენობით იკავებენ. 

გარდა ამისა, რუსული მედია აღნიშნავს, რომ რუსი აპლიკანტების მიმართ ინტერესს ძირითადად ის კომპანიები გამოთქვამენ, რომლებიც რუსეთში ფუნქციონირებდნენ და სანქციების შემოღების შემდეგ იურისდიქციის შეცვლა მოუწიათ. 

"თუ გადავხედავთ ქვეყნებს, დავინახავთ, რომ რუსებს ხშირად იწვევენ ისეთ ადგილებში, სადაც უფრო კომფორტული პირობებია ბიზნესის კეთებისა და უცხოელი მუშახელისთვის ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად". - წერს რუსული მედია.

კომენტარები