ევროპული საქართველო

ნონიაშვილი ხაბეიშვილზე: წარმოუდგენიათ, რომ სხვა აქტორები მათი სატელიტები უნდა გახდნენ

"ენმ-ს საუბარი ერთიანობაზე ტყუილია, წარმოუდგენიათ, რომ სხვა პოლიტიკური აქტორები მათი სატელიტები უნდა გახდნენ". - ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება. 

"ეს ხალხი ასე აყენებს საკითხს - ვინც ენმ-ის პარტიულ აქციებს უერთდება, ნამდვილი ოპოზიციაა, ხოლო ვინც არ უერთდება და არ ეთანხმება მათ შინაარს, თვითმარქვიაა. რაც შეეხება აქციაზე დასწრება-არ დასწრების საკითხს, ევროპულმა საქართველომ ბოლო ერთი წლის მანძილზე, არაერთი და ენმ-ზე ბევრად მეტი აქცია გამართა და ბევრად მეტი აქტივობა ჰქონდა - ვინმეს გახსოვთ, ასე დაგვეყენებინოს საკითხი, რომ ვინც არ დაესწრება ჩვენს აქციას, ის მოღალატეა, ივანიშვილთან გარიგებულია ან რაღაც მსგავსი?! 

ეს არის სწორედ პოლიტიკური სიბეცე და ეს ადამიანები სწორედ, ვინც ამ სათქმელს განასახიერებენ, თაკო ჩარკვიანი იქნება, ლევან ხაბეიშვილი, თუ ვინმე სხვა, საკუთარი ქმედებებითა და შინაარსით, რომ თითქოს ქართული ოცნება რამეში უნდა დაარწმუნონ და გამოასწორონ, სწორედ ისინი თამაშობენ ივანიშვილის რეჟიმისთვის სასარგებლო თამაშს". - ამბობს ნონიაშვილი.  

ხაბეიშვილმა გუშინ, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე თქვა, რომ უნდა გაირკვეს, ვინ არის "ნამდვილი ოპოზიცია" და ვინ - "თვითმარქვია". 

"დღეს თქვენ აქ ნახეთ, მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე. თქვენ ნახეთ პოლიტიკური ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც ასევე ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს - ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის თვითმარქვია ოპოზიცია". - თქვა მან. 

კომენტარები