აზერბაიჯანი-ირანი

"ამაზრზენი განცხადებაა" – აზერბაიჯანის თავდაცვა ირანელი გენერლის ბრალდებებს ეხმაურება

ქიუმარს ჰეიდარი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა ირანის სახმელეთო ძალების მეთაურის, ქიუმარს ჰეიდარის ბრალდებებს და მის განცხადებას "ამაზრზენი" უწოდა.

ირანელი გენერალი აზერბაიჯანს  "სიონისტური ელემენტების" არსებობასა და მეორეს მხრივ ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრების შეფარებაში ადანაშაულებდა. ამას გარდა ქიუმარს ჰეიდარის თქმით, ირანი კავკასიაში საზღვრების ცვლილებას არ დაუშვებს.

ჰეიდარიმ დაასახელა საკითხები, რომლებიც ირანისთვის კავკასიის რეგიონში სენსიტიურია.

"კავკასიაში რამდენიმე სენსიტიური საკითხია. ერთ-ერთი ამ ქვეყანის საზღვრებში სიონისტური რეჟიმის ელემენტების არსებობაა. ირანი ვერ მოითმენს რეგიონის ქვეყნებში სიონისტური ელემენტების არსებობას და მას დაუპირისპირდება". – თქვა ბაქოსა და იერუსალიმის ურთიერთობით შეშფოთებულმა ირანელმა გენერალმა.

ჰეიდარის მიერ დასახელებული მეორე სენსიტიური საკითხი ბაქოს ISIS-ის ტერორისტების შეფარებაში ადანაშაულებდა.

"კიდევ ერთი პრობლემაა სირიელი ტერორისტები, რომლებიც რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს მოიხმეს. ირანს არ აქვს დამადასტურებელი საბუთი, რომ ეს ელემენტები რეგიონიდან გავიდნენ". – თქვა ჰეიდარიმ. 

მესამე პრობლემად ირანელმა გენერალმა კავკასიაში საზღვრების ცვლილება დაასახელა. 

"მესამე საკითხი რეგიონში სახელმწიფო საზღვრების უკანონო ცვლილებაა". – აღნიშნა ირანის სახმელეთო ძალების მეთაურმა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ირანელი გენერლის სიტყვებს "ამაზრზენი ცილისმწამებლური განცხადება" და "აბსურდული წარმოდგენები" უწოდა.

"პირველ რიგში, ვაცხადებთ, რომ ირანის მხრიდან ბრალდება, თითქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოური ძალები არსებობს, უსაფუძვლო და სრულიად მიუღებელია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ არსებობს უცხო ელემენტები". – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში. 

აზერბაიჯანის თავდაცვამ გამოხატა შეშფოთება სომხეთისა და ირანის დაახლოებასთან დაკავშირებით და თეირანს მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ვითარება შეახსენა.

"შევახსენებთ ქ. ჰეიდარის, რომ სომხეთს, 30 წლის განმავლობაში, ოკუპირებული ჰქონდა აზერბაიჯანის ტერიტორია. ამ სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული იყო აზერბაიჯანი-ირანის 132-კილომეტრიანი სასაზღვრო მონაკვეთიც. თუმცა, ირანის მხარეს სომხეთის წინააღმდეგ ბრალდებები ერთხელაც არ წამოუყენებია. პირიქით, ამ პერიოდში ირან-სომხეთის ძმობა გამყარდა. დღეს არავისთვის საიდუმლო არაა, რომ სომხეთის მთავარი მოკავშირეები საფრანგეთი და ირანი არიან. აზერბაიჯანის რესპუბლიკა მხარს უჭერს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არ ერევა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში". – წერია განცხადებაში. 

ბრალდების პასუხად, თითქოს აზერბაიჯანი 2020 წელს ყარაბაღის 44-დღიან ომში ISIS-ის ტერორისტებს იყენებდა, თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათმა ძალებმა ყარაბაღში ტერიტორიები დამოუკიდებლად, მარტო გაათავისუფლეს. ბაქო ირანს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოს უწოდებს და სხვადასხვა ტერაქტებში მონაწილეობას აბრალებს.

"ქ. ჰეიდარის განცხადება არაფერია, თუ არა აბსურდული განცხადება და ცილისწამება. ბრალდება, ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტული აქტების მოწყობაში ფიგურირებს, მაღალი რანგის სამხედროს მხრიდან, უბრალოდ სასაცილოა". – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში ბაქოში, საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს აზერბაიჯანელი დეპუტატი, ფაზილ მუსტაფა, რომელიც ანტიირანული განცხადებებით გამოირჩეოდა. აზერბაიჯანის მთავრობას მომხდარს "ტერორისტული ქმედება" უწოდა. 

აზერბაიჯანსა და ირანს შორის ბოლო პერიოდში ვითარება დაძაბულია. იანვარში აზერბაიჯანმა თეირანში დახურა საელჩო, მას შემდეგ, რაც შენობას თავს დაესხა შეიარაღებული პირი და საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მოკლა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამ თავდასხმას "ტერაქტი" უწოდა და მის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვდა.

ვრცლად ირანის აზერბაიჯანის მიმართ არსებულ შიშებს გაეცანით 2021 წლის სტატიაში –ირანის ალყაში მოქცევის შიში – დაძაბულობა თეირანსა და ბაქოს შორის.

კომენტარები