ოკუპირებული აფხაზეთი

არძინბამ ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში მოიწვია, ის დათანხმდა

მარცხნივ - ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი, დენის მონკადა კოლინდრესი. მარჯვნივ - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა.

4 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასა და ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრ დენის მონკადა კოლინდრესს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

როგორც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრას ესწრებოდა ნიკარაგუის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ინვესტიციის, კომერციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, ლაურეანო ორტეგა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა აღნიშნეს "აფხაზეთ-ნიკარაგუის ურთიერთობის გაძლიერება, რომელიც აგებულია სტრატეგიული სულისკვეთებით, ურთიერთნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული".

განცხადებისვე მიხედვით, მხარეებმა გამოთქვეს დაინტერესება პოლიტიკური დიალოგის მომავალში განვითარების მიზნით, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში მრავალგეგმიური კავშირების გაფართოებითა და სავაჭრო სახლის შექმნაზე.

ასევე აღნიშნეს "ორი ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს შორის კავშირის გამყარების აუცილებლობა".

არძინბამ ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმში დაპატიჟა, რათა მან მონაწილეობა მიიღოს ფორუმ GlobalAbkhazia-ში, რომელიც 2023 წლის 17 მაისს იგეგმება. მან ეს შეთავაზება მიიღო. 

კომენტარები