დეოლიგარქიზაცია

PACE-ის მომხსენებლები: ცხადად ჩანს, რომ საქართველოში რეფორმების პროცესი ჩერდება

მომხსენებლებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) აღნიშნეს, რომ საქართველოში რეფორმაციის პროცესი ჩერდება მაშინ, როცა ქვეყანა ევროინტეგრაციის "გზაჯვარედინზეა".

მომხსენებლებმა საქართველოს მმართველ პარტიასა და ყველა პოლიტიკურ ძალას, 12 პუნქტის შესასრულებლად, ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდეს.

"საქართველო ევროპული ქვეყანაა. ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ მრავალი რეფორმა გაატარეს და კარგ პროგრესს მიაღწიეს. ამავდროულად, საქართველოს ევროინტეგრაციის მომავლის ამ მნიშვნელოვან მომენტში, ცხადად ჩანს, რომ რეფორმების პროცესი ჩერდება. ჩვენ საქართველოს მთავრობასა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, დაძლიონ საკუთარი უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა მხარესთან ევროკომისიის 12 პრიორიტეტის მისაღებად, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს". – თქვეს მომხსენებლებმა. 

ამას გარდა, მომხსენებლებმა შეშფოთება გამოთქვეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მთავრობასა და ექსპრეზიდენტის ოჯახს მოუწოდეს, შეთანხმდნენ მასთან უცხოელი ექიმების შეშვებაზე.

"მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის დეპოლიტიზაცია და დარწმუნება, რომ ყველა მხარე დაეყრდნობა ნეიტრალურ, სანდო ინფორმაციას". – დაამატეს მომხსენებლებმა.

კერნი და ესტრელა 27-29 მარტს საქართველოში იმყოფებოდნენ და პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდნენ.

მომხსენებლებმა ასევე დაგმეს მზარდად გახშირებული თავდასხმები, უმეტესწილად ანონიმური მოქმედი პირების მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მთაი ლიდერების წინააღმდეგ.

"მთავრობას მოვუწოდებთ მკაცრად დაგმონ და საჭიროების შემთხვევაში გამოიძიონ ეს თავდასხმები, რომელთა მიზანია ამ ორგანიზაციების გაჩუმება და სტიგმატიზაცია". – აღნიშნეს მომხსენებლებმა. 

ამას გარდა, მომხსენებლებმა კვლავ ხაზი გაუსვეს, რომ საჭიროა სასამართლოს რეფორმაციის გაგრძელება, რათა ის დამოუკიდებელ ინსტიტუტად იქცეს. მათი აზრით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის კანონის კონტექსტში. მათ ამ კანონპროექტის მიმართ ვენეციის კომისიის შეშფოთებები გაიზიარეს.

მიუკერძოებლობის ნაკლებობა – ვენეციის კომისიის მოსაზრება დეოლიგარქიზაციის კანონზე

კომენტარები