მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

სააკაშვილი წონას თუ კიდევ დაიკლებს, საწოლს მიჯაჭვული გახდება – ომბუდსმენის კონსილიუმი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მართვის მონიტორინგის შედეგების შესახებ მორიგ დასკვნას აქვეყნებს. კონსილიუმი კლინიკა ვივამედში 2 აპრილს იმყოფებოდა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ექიმებმა გასინჯეს პაციენტი, თუმცა, არასამუშაო დღის გამო, მკურნალ ექიმთან გასაუბრება, ან ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოხერხდა.

ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობა 19 თებერვლის (წინა ვიზიტის) შემდეგ დამძიმდა.

"გამოხატულია მძიმე სარკოპენია. პაციენტმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე.  გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.

წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-იდან 78/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია" - წერია დასკვნაში.

ექიმთა ჯგუფის შთაბეჭდილებით, სახეზეა "სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე 4  სტადია". რაც შეეხება პროგნოზსა და რისკებს, ომბუდსმენის კონსილიუმის ცნობით, "პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას". მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

"კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. 

ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს, არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით" - ნათქვამია სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში, რომლის წევრებიც არიან გიორგი გრიგოლია (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი), გრიგოლ ხურციძე (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა), გიორგი კაჭარავა (კარდიოლოგი), გიორგი პაპიაშვილი (კარდიოლოგ/არითმიოლოგი), თენგიზ წულაძე (ნევროლოგი), ნინო ზავრაშვილი (ენდოკრინოლოგი) და აიდა გოზალოვა (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი).


მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, საქართველოში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით პოლონელი ექიმები ჩამოდიან. 12 მარტს გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ მათი ვიზიტი ყოვნდებოდა.   

2 მარტს, პოლონურმა გამოცემა Polskie Radio-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად დათანხმდა, რომ პოლონელმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯონ. თუმცა, მეორე დღესვე იუსტიციის სამინისტომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ  "საფუძველს მოკლებული განცხადებაა". 

EU-ს 27-მა სახელმწიფომ საერთო შეთანხმებით იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დიპლომატიური დემარშით მიმართა, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეშფოთებას გამოხატავდა.

კომენტარები