მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

შეიძლება, ეს უკეთესი ვარიანტი იყოს, ვერ გეტყვით – ჩხაიძე სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე

"შეიძლება, ეს უკეთესი ვარიანტი იყოს, არ ვიცი, ვერ გეტყვით" - ასე უპასუხა კლინიკა ვივამედის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ TV პირველის კითხვას - "თქვენ ირიბად მიანიშნეთ იუსტიციის სამინისტროს, რომ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში უნდა გაუშვან?". ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტი "აბსოლუტურად უგულებელყოფს" კლინიკის ნებისმიერ დანიშნულებას და ყველაფერზე უარს ამბობს.

"განცხადება ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ იცოდეს - კლინიკა ვივამედი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ ამ რესურსის გამოყენება არ ხდება პაციენტიდან გამომდინარე. სად გადაიყვანენ, როგორ გადაიყვანენ, ეს კლინიკის კომპეტენცია არ არის" - ამბობს ჩხაიძე გადაცემაში - პირველი ხაზი.

კითხვაზე, კლინიკა ვივამედი განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას გულისხმობს თუ ციხეში დაბრუნებას, კლინიკის დირექტორი პასუხობს, რომ "არ ვიცი, ჩვენ ვაკეთებთ ფაქტის კონსტატაციას, მოცემულობა ეს არის".

დამატებით კითხვაზე, "ციხეში რომ გადაიყვანონ, უფრო მეტად არ გართულდება?", ზურაბ ჩხაიძე ამბობს - "ციხეზე არ არის აქ საუბარი, არ ვიცი, ჩვენ ამას არ ვწყვეტთ, ციხეზე გადაიყვანენ, სად გადაიყვანენ".


მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, საქართველოში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით პოლონელი ექიმები ჩამოდიან. 12 მარტს გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ მათი ვიზიტი ყოვნდებოდა.   

2 მარტს, პოლონურმა გამოცემა Polskie Radio-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად დათანხმდა, რომ პოლონელმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯონ. თუმცა, მეორე დღესვე იუსტიციის სამინისტომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ  "საფუძველს მოკლებული განცხადებაა". 

EU-ს 27-მა სახელმწიფომ საერთო შეთანხმებით იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დიპლომატიური დემარშით მიმართა, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეშფოთებას გამოხატავდა.

კომენტარები