კრიმინალი

ჩაქუჩიჩი, ზაკუნა, ტაისონა, მაჩვიჩი – შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვისა და ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი სამი ადამიანი დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

1989 წელს დაბადებული ზ.ბ. (მეტსახელად ზაკუნა) ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 1981 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად ჩაქუჩიჩი) და 1995 წელს დაბადებული დ.გ. ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით. რაც შეეხება 1979 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.თ.-ს (მეტსახელად ტაისონა), მას ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის გამო ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

"გამოძიებით დაადგინა, რომ დ.თ.-ს და ზ. ბ.-ს შორის ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ნიადაგზე წარმოიშვა დავა, რის გამოც დ. თ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ. ბ.-ს. მან "კანონიერ ქურდს" - მიხეილ ჩაფიჩაძეს (მეტსახელად "მაჩვიჩი") მიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, ზ. ბ.-მ, ლ. ბ.-მ, დ. გ.-მ და მათმა თანმხლებმა პირებმა დ. თ.-ს საპასუხოდ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 

მოდავე მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის "ქურდული კანონების" თანახმად მოგვარების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფმა "კანონიერმა ქურდმა" - ჯეირან კინწურაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში მოაწყო "ქურდული გარჩევა" და მხარეების შერიგების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. 

ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე ბრალწარდგენილი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების "ქურდული წესებით" გადაწყვეტისთვის უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს" და მათგან მითითებებს იღებდნენ". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები ამოიღეს, რომელთა საშუალებითაც დაკავებულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. 

ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის და ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით. დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები