ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ომბუდსმენი: წარმომადგენელმა მოინახულა გრიგორიადისი, აპარატი ზედამხედველობას გაუწევს

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი Facebook-ზე წერს, რომ მისმა წარმომადგენელმა დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

"სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახანს მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე.

სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს". - წერს იოსელიანი.

31 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 1 მაისს ჩაინიშნა.

პოლიციამ გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 30 მარტს ლაზარე გრიგორიადისზე. ის ამტკიცებდა, რომ გრიგორიადისი დაკავშირებულია "ბოლშევიკურ ტროიკასთან" - ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან. ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ელენე ხოშტარია. 

31 მარტს საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და 21 წლის აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის დაკავება გააპროტესტეს. 1 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან 20:00 საათზე მისი გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია არის დაგეგმილი.

კომენტარები