პოდოლიაკი: ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს რუსეთის "უფლებას", დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი
REUTERS/Anna Voitenko

უკრაინის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უარყოფს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მოწოდებებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით მანამ, სანამ  რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას.

"ცეცხლის ნებისმიერი შეწყვეტა ნიშნავს რუსეთის "უფლებას", დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს კატეგორიულად დაუშვებელია. უკრაინას აქვს უფლება, გადააადგილოს ჯარები და ტექნიკა თავის ტერიტორიაზე ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. უცნაური "მშვიდობისმყოფელები" კომიკურად გამოიყურებიან". - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.


ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

"გავრისკავ და წარვადგენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას. ზავის გამოცხადებას ორივე მხრიდან ჯარების გადაადგილების, გადაჯგუფების უფლების გარეშე, იარაღისა და საბრძოლო მასალების, ცოცხალი ძალებისა და ტექნიკის გადასროლის უფლების გარეშე". - თქვა ლუკაშენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი "უკრაინის საზღვარზე ოდნავი მოძრაობა შეინიშნება", რუსეთი იძულებული გახდება, სრული საბრძოლო მასალა და არმია გამოიყენოს იმისთვის, რომ კონფლიქტის ესკალაცია თავიდან აირიდოს.

კომენტარები