აშშ-ის ელჩობის კანდიდატი საქართველოში

დანიგანი: ხელისუფლებას მათ მიერ გადადგმულ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე გულწრფელად ვესაუბრებით

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატების მოსმენის დროს, სენატორი პიტ რიკეტსის მიერ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილისა და რუსული გავლენების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის დროს აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-მ მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში, რაც გააძლიერებს საზოგადოებას და რუსეთის მავნე საქმიანობისადმი რეზისტენტულს გახდის.

"ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების შენების გზაზე, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება, სასამართლოს გაძლიერება – ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც საზოგადოებას გააძლიერებს და რუსეთის ან ჩინეთის მავნე საქმიანობისადმი რეზისტენტულობაში დაეხმარება". - თქვა დანიგანმა.

ამავდროულად, დანიგანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კუთხით, დასავლეთში ინტეგრაციის მხარდაჭერა, ასევე, ენერგო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში თანამშრომლობა საქართველოს ეხმარება დასავლეთში მომავლის გამყარებაში. დანინგემის თქმით, დამტკიცების შემთხვევაში ეს საკითხები მისთვის პრიორიტეტული იქნება.

რიკეტსის კითხვის პასუხად, არის თუ არა საჭირო აშშ-ს საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ხაზი ჰქონდეს, დანიგანმა აღნიშნა, რომ აშშ გულწრფელია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მათ მიერ გადადგმულ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ გულწრფელები საქართველოს ხელისუფლებასთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე, რომლებიც ჩვენ ვნახეთ და მე გავაგრძელებ ამ გულწრფელობას ხელისუფლებასთან მიმართებით დამტკიცების შემთხვევაში. ეს ის დიალოგია, რომელიც ვიცი, რომ გვაქვს". - თქვა დანიგანმა.

კომენტარები