მიხეილ სააკაშვილი

ომბუდსმენი სააკაშვილზე: შენარჩუნებულია მონიტორინგის ყველა მექანიზმი, რომელიც გვაქვს

სახალხო დამცველის აპარატი

ომბუდსმენი, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები სახალხო დამცველის თანხმობას ელოდებიან. 

სახალხო დამცველის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, ამ პროცესში კი სახალხო დამცველი არ ერევა.

"კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული საკითხი მოგვარებულია და რწმუნებები მათ ნებისმიერ დროს, მოთხოვნისთანავე გადაეცემათ." - ვკითხულობთ საქართველოს სახალხო დამცველის ლევანი იოსელიანის განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი გასულ კვირას შეხვდა კონსილიუმის წევრებს და მიაწოდა ინფორმაცია სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ასევე, ლევან იოსელიანის განცხადებით, მან კონსილიუმს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, შენარჩუნებულია და ამ პროცესს მისგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება." - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები