ტაბულა

მთავარი რედაქტორი ტაბულას შესახებ პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს

22 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ტაბულას "ფაქტობრივად პარტიული მედია" უწოდა.

სპიკერმა თქვა: "არის ფონდი [EED], რომელიც აღმოჩნდა, რომ ჩვენთან აფინანსებს დროას, აფინანსებს ტაბულას, რომელიც, ფაქტობრივად, არის პარტიული გაზეთი".

აღსანიშნავია, რომ ღიად პროსახელისუფლებო არხის წამყვანმა პაპუაშვილს იქვე ჰკითხა: "რედაქცია აქვს ტაბულას, სადაც მნიშვნელოვან და საინტერესო სტატიებს წერენ. რატომ არის ეს პარტიული? მედიაორგანიზაციის დაფინანსება რატომ არის პრობლემა, თუნდაც ევროპის დემოკრატიის ფონდიდან?"

რაზეც შალვა პაპუაშვილმა თქვა: "პარტიული მედიაა, ისინი არც უარყოფენ ამას, რომ პარტიული მედია არიან. პირდაპირ არიან დაკავშირებული ევროპულ საქართველოსთან, პირდაპირ ატარებენ იმ ხაზს, რომელიც აქვს ევროპულ საქართველოს, არიან პროპაგანდისტული მედია".

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება კარგი შესაძლებლობაა, მკითხველსა და მაყურებელს ტაბულას სარედაქციო პოლიტიკა და მიზნები შევახსენო. ასევე, კიდევ ერთხელ ავხსნა ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორთან ჩვენი რედაქციის თანამშრომლობის პრინციპები.

ტაბულა საზოგადოებას სთავაზობს ღია ფორუმს დისკუსიებისთვის, რომელიც საზოგადოებრივი ინფორმირებულობისა და ჩართულობის ზრდით ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან საკუთარი პიროვნული, ეკონომიკური და ეროვნული თავისუფლება.

ჩვენი მიზანია, კრიტიკული აზროვნების წახალისებითა და ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების დაცვით, ხელი შევუწყოთ პროდასავლურ ორიენტაციას, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ბაზრის განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

მკაფიო სარედაქციო პოლიტიკასთან ერთად, ტაბულა მკვეთრად მიჯნავს ფაქტსა და კომენტარს. 

მზარდი ავტოკრატიის პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქეების თავისუფლება და ქვეყნის ისტორიული, დასავლური არჩევანი საფრთხის ქვეშ დგას, ტაბულა თავს განიხილავს ქართველი ხალხის ლიბერალური-დემოკრატიის გუშაგად.

არსებობის 13 წლის განმავლობაში, გამოცემამ დისპროპორციულად დიდი გავლენა იქონია პოლიტიკურ ლანდშაფტსა და მედიაგარემოზე. ჩვენ ვაბალანსებდით და ვაბალანსებთ ძალაუფლების ნებისმიერ, რელიგიურ თუ საერო ცენტრს, ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესების ჩვენეული ხედვის მიხედვით.

მკაფიოდ ფორმირებული სარედაქციო პოლიტიკისა და ლიბერალური-დემოკრატიის იდეათა რწმენის გამო, ტაბულა იყო სრულიად დამოუკიდებელი როგორც ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, ისე ნებისმიერი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორის იმგვარი გავლენისგან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა რედაქციის საჯაროდ დეკლარირებულ იდეებთან.

სხვადასხვა დროს ტაბულა ღია კონფლიქტში იყო და რჩება ნებისმიერ პოლიტიკურ თუ ფინანსურ აქტორთან, რომელთანაც ის თანამშრომლობდა. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჩვენი პარტნიორები წყვეტდნენ რედაქციის იდეების, ხედვებისა და მიზნების ერთგულებას.

ტაბულა არა მხოლოდ არ განიცდიდა რომელიმე პარტნიორი ორგანიზაციისა თუ პირის გავლენას, მის ხელმძღვანელობას სხვადასხვა დროს ბრალი აქეთ ედებოდა ამ ორგანიზაციებში "ძალაუფლების ხელში ჩაგდების" მცდელობასა თუ "პარტიების დაშლაში".

ჩვენი რედაქცია ასევე ღია და საჯარო პოლემიკაში იმყოფებოდა და იმყოფება ყველა დასავლურ ინსტიტუტთან, დონორთან თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, რომელთა ხედვები თუ განცხადებები რედაქციისას ეწინააღმდეგება.  

პოლიტიკურ პარტიებთან ტაბულას ურთიერთობისა და თანამშრომლობის პრინციპი, იმ გეოპოლიტიკურ თუ პოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ტაბულა ფუნქციონირებს, შემდეგნაირია: ჩვენ პროაქტიურად ვთანამშრომლობთ იმ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქტორებთან, იმგვარად და იმ დოზით, რა დოზითაც ისინი მზად არიან, იმოქმედონ ჩვენი პრინციპებისა და ღირებულებების, ჩვენი ხედვებისა და შეხედულებების მიხედვით. 

ხოლო მათ, ვინც ნაკლებ ან საერთოდ არ იზიარებს ჩვენს ამავე იდეებსა თუ ხედვებს, გამოცემა აშუქებს პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის განუხვრელი დაცვით.

ამდენად, გვსურს მკითხველსა და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, ცხადი სიმართლე: სწორედ რომ ტაბულას აქვს გავლენა პოლიტიკურ ძალებზე და არა პირიქით.

კომენტარები