რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, ოკუპირებულ სევასტოპოლის პორტში საზღვაო დრონების თავდასხმა მოიგერიეს

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში

ანექსირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, შავი ზღვის ფლოტის გემებზე საზღვაო უპილოტო აპარატების თავდასხმა მოიგერიეს.

რაზვოჟაევის მტკიცებით, ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატიც.

"ამ დროისთვის განადგურებულია სამი ობიექტი. ისინი ყურეში შეღწევას ცდილობდნენ, ჩვენი მეზღვაურებმა ცეცხლსასროლი იარაღებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ასევე იმუშავა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამაც საჰაერო ობიექტზე. სამხედრო ხომალდები არ დაზიანებულა". – წერს რაზვოჟაევი. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

2022 წლის აგვისტოდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ანექსირებულ სევასტოპოლში სისტემურად აქტიურდება და ისმის აფეთქებების ხმები. როგორც რუსულ მედიაში წერენ, სისტემები ძირითადად მცირე ზომის უკრაინული დრონების გამო აქტიურდება.

კომენტარები