ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია: საქართველოს ოპოზიცია მთავრობის დამხობას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს

ასლან ბჟანიას ინაუგრუაცია 

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ საბრძოლო მზადყოფნას გააძლიერებენ, რადგან, მისი მტკიცებით, საქართველოში ოპოზიცია მთავრობის დამხობასა და რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას ცდილობს.

"დღეს, ისე როგორც არასდროს, შიდა ერთიანობის საკითხები მნიშვნელოვანია. საქართველოს ოპოზიცია ცდილობს მთავრობის დამხობასა და რუსეთის, რომელიც იძულებული იყო ჩაეტარებინა სპეციალური სამხედრო ოპერაცია, წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას. აპრილში საქართველოში ფართომასშტაბურ აქციებს ამზადებენ და ამ პირობებში ჩვენთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გავამყაროთ. ჩვენ ვატარებთ მასშტაბურ სამუშაოებს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაზრდელად". – თქვა ბჟანიამ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი იყენებს ე.წ. "მეორე ფრონტის" პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების რიტორიკის ნაწილიცაა. ამავე ტერმინს ხმარობენ რუსი პროპაგანდისტები და თანამდებობის პირებიც. 

მარტის დასაწყისის თბილისის საპროტესტო აქციების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი აქტიურად ავითარებს შეთქმულების თეორიას, თითქოს საქართველოში აშშ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.

კომენტარები