საქართველო-რუსეთი

"კანონი არის ყველასთვის კანონი" – ჯაფარიძე კითხვაზე, დააკავებენ თუ არა ვლადიმირ პუტინს

"კანონი არის ყველასთვის კანონი". - ასე პასუხობს ივანიშვილის დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ტაბულას კითხვას, დააკავებენ თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში. 

"[რუსეთის წინააღმდეგ გამოძიების] ინიციატორი ჩვენც ვართ, ძალიან კარგი. ჩვენ ვართ ინტერპოლის წევრი, აბა როგორ? რას ჰქვია? კანონი არის ყველასთვის კანონი. კანონი არის ყველასთვის კანონი - ეგ არის ჩემი პასუხი. კანონი არ გაარჩევს არავის, არც ვიქტორ ჯაფარიძეს და არც თქვენ, არც არავის. მათ შორის [არც პუტინს]. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, ეს არის ჩვენი ევროპული გზა. თუ გინდათ ევროპული გზა, ეს არის კანონის უზენაესობა. კანონი უნდა აღასრულოს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს. მიტრიალებთ კითხვას, გეუბნებით კი-მეთქი [საქართველო აღასრულებს პუტინის წინააღმდეგ] და როგორ აგიხსნათ?" - ამბობს ჯაფარიძე ტაბულასთან ინტერვიუში.  

გუშინ, 17 მარტს, უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში".

მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს. 

კომენტარები