თაობა Z

ნიშნავს თუ არა Gen Z რამეს?

თაობა Z

ნიშნავს თუ არა Gen Z რამეს?

"Gen Z-ის თაობას პატივისცემას ვუდასტურებ". - თქვა პარტია ხალხის ძალის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ 10 მარტს. ყველასთვის ცხადია, რომ ხუნდაძე, გულის მოგების მიზნით, ახალგაზრდებს გულისხმობდა. უბრალოდ, იგი ბოლო ორი კვირის ტენდენციას აჰყვა და ამ უკანასკნელის აღსანიშნავად ჩრდილო ამერიკიდან შემოსული ტერმინი - თაობა Z გამოიყენა, რომელიც 1997 წლიდან 2012 წლამდე დაბადებულ ადამიანებს აღნიშნავს.

დასავლური პრესა იმის გამო, რომ ბოლო ორ ათწლეულში დაბადებულ ახალგაზრდებს ნაკლებ გამოწვევებთან გამკლავება მოუწიათ, ამ სიტყვათა შეთანხმების მიღმა ძირითადად  განებივრებულ თაობას მოიაზრებს. დიდი ალბათობით, არა მარტო ხუნდაძე, არამედ მისი ოპონენტებიც ამგვარად არ ახასიათებს რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის ბირთვს. ამ გაუგებრობას ის იწვევს, რომ თაობათა დაყოფის ფორმა სრულიად განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის მქონე ქვეყნისგან - ამერიკისგან არის აღებული.

მეტიც, როგორც კვლევებიდან ირკვევა, თავად ამერიკაშიც და ზოგადად ნებისმიერ შემთხვევაში, თაობებისთვის სახელის დარქმევა და მათთვის მახასიათებლის მინიჭება პოპ კულტურისთვის კი მიმზიდველია, თუმცა, საერთო არაფერი აქვს მეცნიერულ მსჯელობასთან. და თუ ჩვენ პერსონალურ მახასიათებლებს - მებრძოლ სულს, უშიშრობასა და შეუპოვრობას დაბადების თარიღს ვაბამთ, უნებურად მსჯელობას ლოგიკური სარჩული ეცლება და ზოდიაქოს მსგავს, სტერეოტიპულ საფუძველს მოკლებულ საუბარს ემსგავსება.

ასეთი დაყოფის ზედაპირულობის საილუსტრაციოდ იმის ჩვენებაც საკმარისია, რომ 1978 წელს დაბადებული ირაკლი კობახიძე, რომელიც კანონს უცხოური აგენტების შესახებ მხარს უჭერს, და 1976 წელს დაბადებული ზურა ჯაფარიძე, რომელიც ამავე კანონის გაპროტესტებისას სცემეს, ერთი და იმავე თაობის, Gen Z-ისა და მილენიალის წინამორბედის, Gen X-ის წარმომადგენელია.

მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ Britannica-ს მიხედვით, თაობა X დამოუკიდებელ, ცხოვრების ბალანსის შემნარჩუნებელ ადამიანებს აერთიანებს, ისინი უფრო ლიბერალურები არიან სოციალურ საკითხებში. X-ს ხანდახან აღწერდნენ, როგორც ზარმაცებსა და წუწუნის მოყვარულს.

"მე, მე, მე" - Time-ის გარეკანი მილენიალებზე

ბუნებრივია, ერთ პერიოდში თანაცხოვრება ნიშნავს ისტორიული მოვლენებისა და მსგავსი ტრენდების გაზიარებას - იქნება ეს მუსიკა თუ ლიტერატურა. მართლაც Gen Z-ის დიდმა ნაწილმა არ იცის, ვინაა “უცნობი”, უსმენს განსხვავებულ მუსიკას, ბუნდოვნად, მაგრამ ცოცხლად, ახსოვს აგვისტოს ომი, ვარდების რევოლუცია, ამ წლებში დაბადებულ ბევრად მეტ ადამიანს აქვს ტექნოლოგიებთან წვდომა, შედეგად, შედარებით უკეთესი განათლება. თუმცა, ყველაფერი ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია საერთო პიროვნულ მახასიათებლებზე საუბარი? ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ამის ცდით მხოლოდ სტერეოტიპულ ხატს შევქმნით, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ ექნება.

"ჩვენ გამოვკითხეთ დაახლოებით 750 000 ადამიანი 152 ენაზე და 180 ქვეყანაში. ჩვენ დავაკვირდით და გავზომეთ ძირითადი ადამიანური ღირებულებები, ოპერაციული სისტემა, რომელსაც ადამიანები იყენებენ თავიანთი ცხოვრების დაგეგმვისას. და რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ არის ის, რომ ასაკზე დაფუძნებული დაყოფა არაფრის მომცემია". - ამბობს მომხმარებელთა ქცევის ექსპერტი, დევიდ ალისონი.

მეცნიერთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თაობათა ასეთი დაჩეხა არარელევანტურზე უარესია, რადგან უსაფუძვლო კატეგორიები ადამიანებს სტერეოტიპებისა და ხასიათის ნაჩქარევი განსჯისკენ უბიძგებს.

მეცნიერთა განმარტებით, ეს პრობლემურია, რადგან სოციალური ცვლილებების გაზომვა და აღწერა აუცილებელია და შეიძლება, სასარგებლოც კი იყოს იმ კონკრეტული ისტორიული პერიოდის ანალიზისთვის, რომელშიც ადამიანები დაიბადნენ და გაიზარდნენ. უნდა დაიწეროს წიგნები და სტატიები ამ თემებზე, თუმცა დაბადების წლებს შორის თვითნებური ხაზების დახატვა და მათზე სახელების მიწებება, მკვლევართა აზრით, არათუ ეხმარება ამ უკანასკნელს, არამედ, პირიქით - ხელს უშლის. 

სოციოლოგის, ფილიპ კოენის განმარტებით, თაობათა ასეთი სტერეოტიპული დაყოფა მომაკვდინებელია ინფორმაციის მოძიებისთვის.

როგორ მივიდა პოპ სოციოლოგია თაობათა მსგავს დაყოფამდე?

თაობა, რომელიც ოჯახში განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფების დაყოფას გამოხატავდა, საზოგადოების განმასხვავებელი ნიშანი დაახლოებით 1800 წლისთვის ხდება: ჩვეულებრივ, ოცდაათი წლის განმავლობაში დაბადებული ადამიანები ერთ თაობას მიეკუთვნებიან. ამ დაყოფას საფუძვლად არ უდევს არანაირი ბიოლოგიური ნიშანი, სამაგიეროდ, სოციალური და კულტურული ცვლილებებით შეპყრობილ ევროპელ მეცნიერებსა და მკვლევრებს საშუალება მისცა, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხისას - რა იწვევს ცვლილებას?, - ახალი ცვლადი - დაბადების თარიღი შემოეტანათ, დაშვებით, რომ საზოგადოების ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანების ყოველ ოცდაათ წელში ერთხელ "განახლებაა". 

მეცხრამეტე საუკუნის თაობათა თეორიამ ორი ფორმა მიიღო: ზოგი თაობათა ცვლას სოციალურ-ისტორიული ცვლილების მიზეზად მიიჩნევდა: ახალი თაობები შლიან და აშენებენ სამყაროში აზროვნებისა და მოქმედების ფორმებს და აღმოფხვრიან რწმენის მოძველებულ შაბლონებს, რაც, საბოლოოდ, საზოგადოებას განაახლებს. ამ თეორიის მიხედვით, თაობა ისტორიის პულსია. ამის საპირისპიროდ კი სხვები ფიქრობენ, რომ თაობები - ერთგვარი ანაბეჭდია, რადგან ისინი ერთმანეთისგან იმის გამო განსხვავდებიან, რომ მათი წევრები ატარებდნენ იმ ისტორიული მოვლენების კვალს, რომლებშიც ცხოვრობდნენ. მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გვყავს თაობები, არის ის, რომ ჩვენ შევიცვალეთ და არა პირიქით.

არსებობს როგორც პულსის, ისე ანაბეჭდის ჰიპოთეზის კვალი, თუ როგორ ახასიათებენ დღეს ამერიკაში თაობას: ერთი მხრივ, მიდრეკილნი არიან ივარაუდონ, რომ არსებობს სოციალური და კულტურული ისტორიის რიტმი, რომელიც ასახავს თაობათა კოჰორტას და ჩამოყალიბებულია ძირითადი ისტორიული მოვლენების კვალდაკვალ. თუმცა, მეორე მხრივ, მიიჩნევა, რომ ახალგაზრდები ავითარებენ საკუთარ კულტურას, საკუთარ გემოვნებასა და ღირებულებებს, და ამით ანაცვლებენ ძველს.

დაბადების წლის მიხედვით თაობებისთვის სახელის დარქმევის პრაქტიკა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს "დაკარგული თაობით" - იწყება. თანდათანობით ტრადიცია გადაიზარდა დაუსრულებელ კონკურსში - ვინ მოიფიქრებდა შემდეგი თაობისთვის ისეთ სახელს, რომელსაც საზოგადოება აიტაცებდა. შედეგად, ხალხის ასეთი დაყოფა სულ უფრო დასცილდა სოციალურ მეცნიერებას და იქცა სტერეოტიპულ ხატად. ამ დაყოფამ იმდენად მოიცვა თანამედროვე ამერიკა, რომ ბიზნესების მარკეტინგის გუნდი ცდილობს სწორად ასე დაახასიათოს საკუთარი მომხმარებელი. თაობათა აღწერა ერთგვარი მზა პროფილია, რომლის მახასიათებლებზედაც ბიზნესი ფოკუსირდება და ამ მახასიათებლების მიხედვით საკუთარ პროდუქციას მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის.

ამის კარგი ილუსტრაციაა ის ფაქტიც, რომ საქართველოშიც, როგორც კი მოიპოვა Gen Z-იმ პოპულარობა, გამოჩნდა ჰუდები და სხვადასხვა პროდუქტი ამავე წარწერით. აქედან გამომდინარე, ბაზარიც ხელს უწყობს, წაახალისოს თაობათა იარლიყებით "შეპყრობილობა".

უფრო მეტიც, კოენის თქმით, თაობათა იარლიყებისა და განსხვავებების მიზანი მხოლოდ მარკეტინგი და რეკლამაა: მეცნიერის განმარტებით, “ბეიბი ბუმერების” გარდა, არცერთ ჯგუფს ემპირიული საფუძველი არ გააჩნია.

წყარო

დღეს აშშ-ში მიღებულია, რომ თაობები დაახლოებით 15 წლის დიაპაზონით დაიყოს, მიუხედავად იმისა, რომ კვლევის თანახმად ამერიკელი ქალი დედა პირველად 26 წლის ასაკში ხდება, ხოლო კაცი - მამა 31-ის. გამოდის რომ ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს უნდა აერთიანებდეთ ისეთი მახასიათებლები, რომლებიც არ აქვთ არც მანამდე და მათ შემდეგ დაბადებულ ადამიანებს.

სად ვუშვებთ შეცდომას?

ყველასთვის ცხადია, რომ ქრონოლოგიის მკაცრად განსაზღვრული საზღვრები აზრს მოკლებულია. თუმცა, თუ დავუშვებთ თაობათა საზღვრების ელასტიკურობას, მაინც ვერ იძენს თავისთავად სიცხადეს ასაკობრივ კატეგორიებს შორის განსხვავება. დღეს კი ამერიკაში თაობებზე ისე საუბრობენ, თითქოს იყოს რამე გენეტიკური კოდი, რომელიც მხოლოდ Gen Z-ის ან Gen X-ს ახასიათებს. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ადამიანებს თავად უჭირთ, თაობის იარლიყთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება. 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდების მხოლოდ 40% მიიჩნევს თავს "მილენიელის თაობის" ნაწილად.

ამის ასახსნელად "თაობათა მითის" ავტორი, ბობი დაფი აღნიშნავს, რომ დიახ, თაობების დაყოფა შესაძლებელია, თუმცა ხშირად ცვლილებების ახსნისას ყურადღების მიღმა გვრჩება დამატებით ორი ფაქტორი: ისტორიული მოვლენები და სიცოცხლის ციკლის ეფექტი

Gen Z-ები 1997 წლიდან 2013 წლამდე დაბადებული ადამიანები არიან - თუ ამ დროით ხაზს საქართველოს კონტექსტში ავიღებთ, დიდი ნაწილი 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე დაიბადა, ნაწილი კი მას არ მოსწრებია, ზოგი აგვისტოს ომის მომსწრეა, ზოგი კი 2008 წლის შემდეგ დაიბადა. მოკლედ, მსგავსი ქრონოლოგიური დაყოფით, დიდი ისტორიული მოვლენების გათვალისწინება ვერ ხერხდება.

ამასთან, ასაკობრივი ჯგუფების დახასიათებისას მარტივია, უგულებელყო ცხოვრების ციკლი. მაგალითისთვის, მილენიელები მიიჩნევიან, რომ Gen X-ებზე მეტად კრიტიკულები არიან საკუთარი სამუშაოს მიმართ. მაშინ როცა თავიანთი კარიერის დასაწყისში X-ებიც უკმაყოფილოები იყვნენ. ასაკის მატებასთან ერთად, ბუნებრივია, ჩნდება ფუფუნება, რომ გადაინაცვლო ისეთ სამსახურში, რომელიც მეტად შემოსავლიანია ან მეტად ახლოსაა ინდივიდის ინტერესებთან. თაობათა მსგავსი სტერეოტიპული დაყოფით კი გამოდის, რომ ვეკითხებით პირველ სამსახურში მყოფ 22 წლის ადამიანსა და უკვე შესაძლოა მეოთხე სამსახურში მომუშავე 42 წლის პირს კმაყოფილების შესახებ. და გვიკვირს, რომ უფროსს, რომელსაც ჰქონდა სამსახურის შეცვლის, კვლევისა და კარიერაში წინსვლის შანსი, უფრო მოსწონს საკუთარი საქმე. ეს არის ასაკობრივი და არა თაობის ეფექტი.

ჩვენთან მიმდინარე პროტესტშიც 1997 წლიდან 2013 წლამდე დაბადებული ადამიანები ვაქტიურობდით, არა იმიტომ, რომ ახალი, განსაკუთრებული თაობა ვართ, არამედ იმიტომ, რომ, როგორც წესი, პროტესტის ყველაზე მკაფიო ხმის გამჟღერებელი ახალგაზრდობაა. ახალგაზრდობა, ახლებური გამოცდილებით, მაგრამ არა ფუნდამენტურად ახალი ბუნებით.

ამასთან, როგორც წესი "ახალგაზრდულ კულტურას" მცირე, ელიტური ჯგუფები ქმნიან და, მისი მცდარი განზოგადებით, თაობათა დახასიათება შეცდომაში შემყვანია.

ამერიკელი ესეისტი, ლუის მენანდი აღნიშნავს, რომ სამოციან წლებში ახალგაზრდების უმეტესობა არ უჭერდა მხარს თავისუფალ სიყვარულს, არ იღებდა ნარკოტიკებს და აპროტესტებდა ვიეტნამის ომს. 1967 წლის გამოკითხვის თანახმად, 63% ფიქრობდა, რომ წყვილებს სექსი ქორწინებამდე არ უნდა ჰქონდეთ. ახალგაზრდებსა და ზოგად პოპულაციაში პროცენტული მაჩვენებელი ერთმანეთს ემთხვეოდა. ჟურნალისტები კი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, რომ თითქოს ახალი თაობა მოდიოდა ახალი ღირებულებებით და მათ არანაირი საერთო არ ჰქონდათ ასაკით უფროსებთან.

"თაობა იმედგაცრუება" - რატომ იღიამიან ასე ცოტას ევროპელი ახალგაზრდები Time

ამ პრობლემით შეწუხებულმა სოციოლოგმა ფილიპ კოენმა ცნობილ, ყველაზე გავლენიან კვლევით ორგანიზაციას The Pew Research Center-ს მიმართა მოთხოვნით, ამოეღოთ თაობათა ცვლადი კითხვარებიდან.

"ჩვენ ვართ დემოგრაფები და სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლები, ვწერთ Pew Research Center-ს, რათა მოვუწოდოთ, შეწყვიტოს თაობის იარლიყების გამოყენება (ამჟამად: Silent, Baby Boom, X, Millennial, Z). ჩვენ ვაფასებთ Pew-ის გამოკითხვებს და სხვა კვლევებს და მოვუწოდებთ მათ, რომ ეს ნამუშევარი უკეთ შეესაბამებოდეს სოციალური კვლევის მეცნიერულ პრინციპებს". – ვკითხულობთ ღია წერილში, რომელსაც 150-მდე მკვლევარი აწერს ხელს.

თაობა რუსთაველზე

აქციის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე თაობა X-ს, და არა თაობა Z-ის, უჭირავს ევროკავშირის დროშა წყლის ჭავლის პირისპირ, ამავე ფოტოზე ქალის დაცვას უკვე ცნობილი წითელი ქუდით მილენიალი ცდილობს. ასევე, ბუმერის თვალი შეეწირა პროტესტს.

ამასთანავე, აქციიდან დაგვამახსოვრდა Gen Z-ების სახალისო პლაკატები. წყლის ჭავლთან მოცეკვავე 16 წლის მოზარდი.

პროტესტის მონაწილეები ცდებიან 15-წლიან ასაკობრივ საზღვარს. მათ ზოგს 9 აპრილი ახსოვს, ზოგს აგვისტოს ომი, ზოგს გავრილოვის ღამე, ზოგს კი - ყველა ჩამოთვლილი.

აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ, 9 მარტი, ტაბულა

დიახ, პროტესტის ფორმა განსხვავებულია, მაგრამ ეს უფრო ბიოლოგიურ ასაკობრივ ციკლს უნდა მივაწეროთ - ბავშვობას, ახალგაზრდობას თუ ხნიერებას, ვიდრე იმას, რომელ წელს დაიბადა - 1995-ში თუ 1996-ში? 

ყველაფრის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ ეს პირველი მცდელობაა, საზოგადოებას პროტესტის ბირთვი გლობალური ტერმინით დაგვეხასიათებინა. მართალია, როგორც ზევით ვნახეთ, ეს საკმაოდ ხელოვნური და არაფრის მომცემია, თუმცა საკუთარ თავში ინახავს მთავარს - დამოუკიდებელი საქართველოს სურვილს, ეკუთვნოდეს თავისუფალ სამყაროს და მისი შვილების გამოცდილება ემთხვეოდეს დასავლეთში მცხოვრები მოქალაქისას.

ამ გზაზე - რუსეთის პირისპირ ვიწვრთნებით, ვიკრებთ ინტელექტუალურ მემკვიდრეობას და ვსარგებლობთ რა (გლობალურად) მზარდი კეთილდღეობით, საბოლოოდ, შევქმნით რამეს და აუცილებლად დავირქმევთ საკუთარ სახელს, რომელიც ბევრად მეტყველი იქნება, ვიდრე რომელიმე ხელოვნურად გადმოტანილი ტერმინი და იმაზე მეტად შინაარსიანი,  ვიდრე მხოლოდ დაბადების თარიღი. 

პატივისცემით, 

ანი კახიძე

“Gen Z”

კომენტარები