ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

ბაიდენი პუტინის დაპატიმრების ორდერზე: გამართლებულია, მან ომის დანაშაულები ჩაიდინა

17 მარტს პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [ICC]  მიერ პუტინის დაპატიმრების ორდენის გაცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ვლადიმირ პუტინმა ომის დანაშაულები ‘აშკარად’ ჩაიდინა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰააგის სასამართლოს მიერ ორდერის გაცემა გამართლებულად მიიჩნია.

"ჩემი აზრით, ეს გამართლებულია [ორდერი]. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის არც ჩვენ მიერ არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მკაფიო აზრს გამოხატავს" - თქვა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

მოსკოვმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებები უარყო და ორდერი დაგმო.

აღსანიშნავია, რომ ჰააგის სასამართლოს ქვეყანასთან თანამშრომლობის გარეშე ეჭვმიტანილის დაკავების უფლებამოსილება არ აქვს, ამასთან, რუსეთი არ არის ICC-ის წევრი ქვეყანა, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს რუსეთში არანაირი გავლენა არ აქვს.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტზე სხვაგვარად აისახება. მისი დაპატიმრება ICC-ის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, შესაბამისად, ვლადიმირ პუტინს ახლა  ICC-ის 123 წევრ ქვეყანაში მოგზაურობა აღარ შეუძლია.

უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში".

კომენტარები