ისრაელი

შესაძლო სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად, ისრაელის 69-ე ესკადრილიის პილოტები გაიფიცნენ

ისრაელის თვითმფრინავი
69-ე ესკადრილიის F-15-ები

ისრაელის საჰაერო ძალების 69-ე, ჩაქუჩების სახელით ცნობილი ესკადრილიის თითქმის ყველა რეზერვისტმა პილოტმა, მთავრობის მიერ დაგეგმილი სასამართლო ცვლილებების გაპროტესტების მიზნით, თქვა, რომ 8 მარტს დაგეგმილ ვარჯიშებში მონაწილეობას არ მიიღებენ

40 რეზერვისტიდან 37-მა ვარჯიშებზე მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. 

ისრაელის საჰაერო ძალები საკუთარ ესკადრილიებს, რომლებიც აქტიურ სამხედრო სამსახურში არ არიან, რეზერვისტების სახით რეგულარულად ავარჯიშებს, რათა საბრძოლო მზადყოფნა შენარჩუნებული ჰქონდეთ.

გასულ დღეს გავრცელებულ წერილში 37 პილოტი და ნავიგატორი წერდა, რომ 8 მარტს დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და სანაცვლოდ "დროს დემოკრატიასა და ეროვნულ ერთობაზე საუბარსა და რეფლექციას" დაუთმობდნენ. 

პროტესტი მხოლოდ წვრთნების დღეს შეეხება და დანარჩენ დღეებში პილოტები ჩვეულებრივად იმუშავებენ. ამას გარდა მათ აღნიშნეს, რომ თუ მათი რეალურ ოპერაციაში გამოყენების საჭიროება დადგება, ერთდღიან პროტესტს შეწყვეტენ. 

ისრაელის ახალი მთავრობა, რომელიც მემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, ახალი შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

შესაძლო რეფორმას მოჰყვა საპროტესტო აქციები, რომლებშიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნებიც მონაწილეობენ და მთავრობას აფრთხილებენ, რომ არადემოკრატიულმა ცვლილებამ, შესაძლოა ჯარში მასობრივი დაუმორჩილებლობა გამოიწვიოს.

პილოტების გარდა, ისრაელის საჰაერო ძალების ყველა ცოცხალმა ყოფილმა მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუს საერთო წერილით მიმართეს. მათ შესაძლო ცვლილების შედეგებთან დაკავშირებით შიში გამოთქვეს და მას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რეალური საფრთხე უწოდეს.

"მხარს ვუჭერთ საჰაერო ძალების მეთაურსა და მის ხალხს ამ რთულ დროებაში და გთხოვთ, შეჩერდით და სიტუაციიდან გამოსავალი რაც შეიძლება ჩქარა იპოვეთ". – წერია პრემიერმინისტრისადმი მიმართვაში. 

აქამდე, პარაკსევს, 3 მარტს ათეულობით პილოტი ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურს, თომერ ბარს შეხვდნენ და რეზერვში განგრძობით მუშაობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. ცნობების მიხედვით, რეზერვისტმა პილოტებმა გამოთქვეს შიში, რომ მთავრობის ქცევებმა ისინი შესაძლოა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მსგავსი გლობალური ორგანოების წინაშე მოახვედროს.

მრავალი წლის განმავლობაში ისრაელი, რომელიც ხაზს უსვამდა საკუთარი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სიძლიერეს, მსგავსი ორგანოების მიერ სამართალწარმოების წინააღმდეგი იყო. უზენაესი სასამართლო ისრაელის ჯარისკაცების მიერ ჩადენილ სამხედრო გადაცდენებს თავად იძიებდა. თუმცა ახლა მთავრობის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ შესაძლოა უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო არენაზე ლეგიტიმაცია დაკარგოს.

6 მარტს სასამართლო ცვლილების პროტესტს ერთობლივი წერილით შეუერთდა არტილერისტთა კორპუსის 300-მდე რეზერვისტი, მათ შორის მაღალი რანგის სამხედროებიც.

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობის მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ არმიის რეზერვისტებში არსებული პროტესტი და გაფიცვა შესაძლოა იმდენად გაიზარდოს, რომ ჯარის ოპერაციული შესაძლებლობები დააზიანოს. ამავე ცნობებით, ჰალევიმ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ გაფიცული რეზერვისტების "ანარქისტებად" მოხსენიება შეწყვიტის.

69-ე ესკადრილია ყველაზე დიდი რეპუტაციის მქონე სამხედრო ჯგუფია, რომელიც ბოლო ხანებში გაიფიცა და სასამართლო ცვლილებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა. ამ ესკადრილიამ, რომელიც F-15I-ებით დაფრინავს, 2007 წელს სირიაში ბირთვულ რეაქტორზე იერიში მიიტანა. თავს ესხმოდნენ სირიაში მდებარე ირანულ ობიექტებსაც.

კომენტარები